„მოვისმინე ის ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებს, გადარიცხვებზე და სხვა აქტივობებზე, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ბატონი ივანიშვილის ადვოკატის, მისი ინტერესების დამცველის დეტალური განმარტებები და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთში ჟურნალისტებს განუცხადა.
- ბიძინა ივანიშვილი შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს სასამართლოში კვლავ უჩივის
- ადვოკატი: ივანიშვილს ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში პრობლემები შეექმნა
ღარიბაშვილის თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას თავად მიაწვდის.
„როგორც მოვისმინეთ, შეიძლება პრესკონფერენციებიც გაიმართოს. თუ ეს მოხდება, მჯერა, რომ თავად ბატონი ბიძინა მიაწვდის საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას, თუ ეს საჭირო იქნება. ერთი რამ მინდა გითხრათ, ყველა ის ლეგიტიმური კითხვა, რაც დაისვა და გაჟღერდა ადვოკატების მხრიდან, რომელიც ეხებოდა ბანკის საქმიანობას და ა.შ, მე ამ დეტალებში არ შევალ, რადგან ეს ჩვენი მთავრობის განსახილველი არ არის, მაგრამ, ვინაიდან ასეთი მაღალი ინტერესი არსებობს, ბუნებრივია, ჩვენც ამას ყურადღებით ვაკვირდებით. ვიმეორებ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხები და ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.