ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს

რუსეთი ამჯერად ჰელსინკს ემუქრება NATO-ში გაწევრიანების ნების დაფიქსირების გამო. საპასუხოდ, ფინეთი აფიქსირებს პოზიციას, რომ ალიანსში გაწევრიანება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და პუტინს ურჩევენ, სარკეში ჩაიხედოს.

„NATO-ში გაწევრიანება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს მათ გამოიწვიეს. ჩაიხედონ სარკეში", -. უპასუხა ფინეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც NATO-ში მისი ქვეყნის გაწევრიანებაზე რუსეთის შეშფოთებას ეხებოდა.

„რადიკალური ცვლილება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში“, - ასე აღწერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთის ნაბიჯს თავის განცხადებაში.

სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ.

ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.

დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.