კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის თქმით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას კლინიკური კვლევები უტარდება.
„მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, ჩართულები არიან სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. მერწმუნეთ, ყველა პაციენტთან ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულება გვაქვს. როცა გვექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები დაიდება, მხოლოდ ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, პაციენტის ნებართვით, შემდეგში გავასაჯაროებთ ამ ყველაფერს. ჩვენთვის უცხო არ არის არცერთი დაავადების მკურნალობა... ერთს გეტყვით, პაციენტი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში“, - განაცხადა ნადირაძემ.
შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.
ასევე წაიკითხეთ:
- მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ
- კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი