სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში ხორბლის მარაგის შემცირებას ადასტურებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანაში, ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა იაფი ფქვილის მარაგების ფონზე, ავტომატურად შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ხორბლის მარაგები. თუმცა ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს.

„მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით. დაახლოებით თვენახევარ, ორ თვეში დაიწყება ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება. ივლისი-აგვისტო მსოფლიოში მარცვლეული კულტურების ახალი მოსავლის მიღების სეზონია. ახალი მოსავალი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას განაპირობებს. დღეისათვის, ხორბლის ფასები მკვეთრადაა გაზრდილი, პრაქტიკულად გაორმაგებულია. იმედი გვაქვს, რომ ფასების კლების ტენდენცია დაიწყება. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდისთვის, საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.


„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ბოლო თვეებია, ქვეყანაში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა და შედეგად წისქვილები გაჩერებულია. „სამწუხაროდ, ხორბლის მარაგები მინიმალურია, 10 დღის მარაგია დარჩენილი და უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც გაჩერდება, რომელიც მუშაობდა“, - აცხადებს სილაგავა. მისი თქმით, ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს, რადგან ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და წისქვილკომბინატებში დასაქმებული ადამიანები სამსახურს კარგავენ.


მსოფლიო ბაზარზე ხორბალთან დაკავშირებით გლობალურად გართულებული მდგომარეობა რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, ხოლო უკრაინა - სიდიდით მეხუთე. ჯამურად რუსეთი და უკრაინა გლობალურ ბაზარზე ხორბლის ექსპორტის თითქმის 30%-ს უზრუნველყოფენ. მაისის დასაწყისში, უკრაინის პორტებში დაახლოებით 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული იყო დაბლოკილი.