„ზანგეზურის დერეფნის“ მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება“ - თურქი მინისტრი

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება. 

CNN Türk-თან მანვე განაცხადა, რომ „თურქეთი შუა დერეფნის (ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს.


„ამჟამად, ჩვენ არ შეგვიძლია სასურველი მოცულობის ტვირთის გადაზიდვა, თუმცა ყოველდღიურად ვზრდით ამ პოტენციალს ბაქოს, თბილისისა და კასპიის ზღვის გავლით მარშრუტებით. „ზანგეზურის დერეფანი“ კი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გამტარუნარიანობის გაზრდაში,“ - განაცხადა მინისტრმა.


ურალოღლუმ აღნიშნა, რომ „ზანგეზურის“ დერეფანი გახდება უმოკლესი მარშრუტი, რომელიც თურქულ სახელმწიფოებსა და შორეულ აღმოსავლეთს დააკავშირებს.


„აზერბაიჯანი ნახჭევანიდან სომხეთის საზღვრამდე რკინიგზას აგებს. ჰორადიზიდან ბაქომდე მონაკვეთი უკვე დასრულების პირასაა. ამ მარშრუტზე იმუშავებს როგორც რკინიგზა, ასევე საავტომობილო ტრანსპორტი,“ - აღნიშნა მინისტრმა.