„ევროპის დამცველი“ და „სწრაფი რეაგირება" - NATO ევროპის მასშტაბით წვრთნებს იწყებს. NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების ჯარები დიდი ხნის განმავლობაში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ, მიზანი NATO-ს ძალების მზადყოფნისა და თავსებადობის გაძლიერებაა. წვრთნები ამჟამად პოლონეთში და რვა სხვა ქვეყანაში მიმდინარეობს, ის ასევე მოიცავს აქტივობებს ჩრდილოეთ მაკედონიაში.
ალიანსის პრესსამსახურიდან Europetime-ს აცნობეს, რომ ესტონეთში, 14 ქვეყნიდან 15000 ჯარისკაცი ჩაერთვება წვრთნებში. Hedgehog - ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო წვრთნებია ქვეყანაში, რომელიც 1991 წლიდან ტარდება და რომელშიც აშშ-ის საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდი (Wasp-class) Kearsarge მონაწილეობს.
იმავდროულად, ლიეტუვაში სწავლებაში - Iron Wolf მოკავშირეთა 3000 ჯარისკაცი და დაახლოებით 1000 მოძრავი შემადგენლობა, მათ შორის გერმანული (Leopard) 2 ტანკები მონაწილეობს.
NATO-ს სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ „მსგავსი წვრთნები აჩვენებს NATO-ს სიმტკიცეს და მზადყოფნას, დაიცვას მისი ერები ნებისმიერი საფრთხისგან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს არის რეგულარული წვრთნები, დაიგეგმა უკრაინაში რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი შეჭრის წინ, მაგრამ ხელს უწყობს არასწორი გათვლების ან გაუგებრობის მოხსნას ალიანსის გადაწყვეტილების ირგვლივ, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. მისივე თქმით, NATO-ს წვრთნები არის თავდაცვითი ხასიათის, გამჭვირვალე და შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებს“.
გარდა ამისა, გერმანიაში 7500 ჯარისკაცია ჩართული NATO-ს რეაგირების ძალების წვრთნებში - "Wettiner Heide". ხმელთაშუა ზღვაში კი USS Harry S. Truman Carrier Strike Group-ი წელს NATO-ს მეთაურობის ქვეშ უკვე მეორედ განთავსდება საზღვაო წვრთნების - Neptune series-ს დროს. ეს აშშ-ის გადამზიდავი ჯგუფის მეორე ასეთი მონაწილეობაა ცივი ომის დასრულების შემდეგ.
მომავალ თვეში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ევროპის ყველაზე დიდი ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის წვრთნები - Ramstein Legacy" გაიმართება. მასში მონაწილეობას 23 ქვეყანა მიიღებს.
ივნისში, ასევე ჩატარდება - Baltops, რომელიც ყოველწლიურად, უკვე 50 წელზე მეტია, იმართება და მოიცავს ამფიბიურ ოპერაციებს ბალტიის რეგიონში.
NATO-ს პარტნიორები ფინეთი და შვედეთი მოკავშირეთა რამდენიმე წვრთნებში უახლოეს კვირებში ჩაერთვებიან. ამჟამად, აშშ-ის, ბრიტანეთის, ესტონეთის და ლატვიის ძალები ფინელ მასპინძლებთან ერთად მონაწილეობენ წვრთნებში - "Arrow 22". მასში ჩართულები არიან დიდი ბრიტანეთის (Challenger 2) ტანკები და ამერიკული Stryker-ის ჯავშანტექნიკა.