ბრიტანეთმა, სანქცირებულთა სიაში ალინა კაბაევა და პუტინის ყოფილი ცოლი შეიყვანა

ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციების გაფართოების შესახებ განაცხადა. სანქცირებულთა შორის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვა და მისი ოჯახის წევრები მოექცნენ.

ვის და რატომ დაუწესდა სანქციები

ალინა კაბაევა, „ნაციონალური მედია ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ის ტანვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონია (2004 წ) და რუსეთის სახელმწიფო დუმის მე-5 და მე-6 მოწვევის დეპუტატი. ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კაბაევას „ახლო ურთიერთობა“ აქვს პუტინთან. The Wall Street Journal-ის ცნობით კაბაევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უცხოეთში პუტინის აქტივების გადამალვის კუთხით. ლონდონმა ყოფილი ტანვარჯიშის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იმით ახსნა, რომ NMG, რომელსაც კაბაევა ხელმძღვანელობს, "აქტიურად ეწევა რუსულ პროპაგანდას" უკრაინაში შეჭრის შესახებ. ამბობენ, რომ კაბაევა "ჩართულია უკრაინის დესტაბილიზაციაში", რადგან ის თავად ან NMG-ის მეშვეობით "უჭერს მხარს ან ხელს უწყობს პოლიტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის დამოუკიდებლობას".

ინდივიდუალური სანქციები ვლადიმერ პუტინის ყოფილ ცოლს, ლუდმილა ოჩერეტნაიასაც შეეხო.

დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში ასევე დაამატა ალექსანდრე პლეხოვი და ვიქტორ ხმარინი, რომლებიც პუტინის "მეგობრებად" მიიჩნევიან. ასევე სანქცირებულია მიხაილ კლიშინი, Bank Rossiya-ს აღმასრულებელი დირექტორი, კაბაევას ბებია, ანა ზაცეპლინა, Gelendzhik Seaport-ის გენერალური დირექტორი ვლადიმერ კოლბინი და Gazfond-ის პრეზიდენტი იური შამალოვი.


დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები შეეხო პროდუქციას, რომლის სავაჭრო მოცულობა წელიწადში 1.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგი იყო.

ლონდონში აცხადებენ, რომ ახალი სანქციების მიზანია პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტება.