მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება

თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას, რომლებიც მხარს უჭერენ „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთს“, (ანკარა PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს), – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა ბერლინში, სადაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.

ამასთან, ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ​თავიდანვე მხარს უჭერდა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას. „თუნდაც წარსულში, როდესაც NATO-ს რამდენიმე წევრი წინააღმდეგი იყო ზოგიერთი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების, ჩვენს რეგიონსა და დასავლეთ ბალკანეთში, მხარს ვუჭერდით მათ გაწევრიანებას. მაგრამ NATO არ არის კავშირი, არ არის საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს არის ალიანსი. ამიტომ საქმე ეხება არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ ასევე არის სოლიდარობა, როდესაც ეს მოკავშირეებს სჭირდებათ. მაშასადამე, პრობლემა არის ის, რომ ეს ორი ქვეყანა (შვედეთი და ფინეთი), ღიად უჭერს მხარს „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთს“. ისინი ტერორისტული ორგანიზაციები არიან და ყოველდღიურად ესხმიან თავს ჩვენს ჯარისკაცებს. ამიტომ, მიუღებელი და აღმაშფოთებელია, რომ ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები მხარს უჭერენ ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს,“ – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია.

NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიწვეულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ NATO-ს მოკავშირეებთან სამუშაო სესიაში 14 მაისს. მინისტრთა შეხვედრები 15 მაისს კი, მხოლოდ მოკავშირეებისთვის გაიმართება.

სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ.


ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.

დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.