უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თავის ამერიკელ კოლეგასთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკრაინისკენ მიმავალ გზაზეა.
შეხვედრა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა, რომელიც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას მასპინძლობს.
„მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკრაინისკენ მიმავალ გზაზეა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რათა უკრაინული სურსათის ექსპორტირება უზრუნველვყოთ აფრიკისა და აზიის მომხმარებლებისთვის. მადლობა მდივან ბლინკენს და აშშ-ის ლიდერობისთვის და ურყევი მხარდაჭერისთვის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გლობალური სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ახდენს.
„უკრაინის ოდესის პორტში ამჟამად 25 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი, მსოფლიოში მილიონობით ადამიანის საკვებით უზრუნველყოფისთვის ეს სასწრაფოდ არის საჭირო, უპირველეს ყოვლისა, აფრიკის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ, ჩვენ ვაგზავნით მკაფიო სიგნალს: ჩვენ გხედავთ, გისმენთ და მხარს გიჭერთ”, - განუცხადა თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტებს.