შვედეთის მმართველი „სოციალ-დემოკრატების პარტიის საბჭომ გადაწყვიტა, რომ NATO-ში განაცხადის წარდგენაზე იმუშავებს, თუმცა შვედეთს თავისი პირობები აქვს.
„სოციალ-დემოკრატები იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ, რომ შვედეთმა, NATO-ს მიერ განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განაცხადებს ცალმხრივი დათქმების შესახებ შვედეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღისა და მუდმივი ბაზების განლაგების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
შვედეთს და ფინეთს პირობებს უყენებს თურქეთი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ორი ქვეყნის გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მიუხედავად ამისა, NATO-ს ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ალიანსის წევრებს შორის კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, წევრები შეძლებენ საერთო ენის პოვნას.
სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.
შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ.
ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.
დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.