ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსანი“ გამოსცა. ახალი გამოცემის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში გაიმართა. სამინისტროს ცნობით, 1941 წელს აფხაზურ ენაზე დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსნის’’ ფოტოტიპური ვერსია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გამოსცა.
გამოცემის ორიგინალი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათი ბეჭდური გამოცემების ფონდში ინახება.
რუსთაველის უკვდავი ქმნილების თარგმანი ცნობილ აფხაზ მწერალს დიმიტრი გულიას ეკუთვნის, ხოლო წიგნის რედაქტორი კი გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი სიმონ ჯანაშიაა. წიგნი 2021 წელს, 1941 წელს გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ 80 წლის თავზე დაიბეჭდა.