„ის, ვინც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება, შეწყალების საგანი გახდეს“, ამის შესახებ ,„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც „მთავარი არხის“ დირექტორის შესაძლო შეწყალებაზე დაუსვეს შეკითხვა.
„როდესაც გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, გამოდის რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, ის უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს.
სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობა და ამის გატარება არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოგვეშლება. ის, ვინც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება შეწყალების საგანი გახდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა.