ენრიკო ვალვო: ასოცირების შეთანხმების სრული შესრულება საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს

საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ენრიკო ვალვომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს წევრობის განაცხადი, ისევე როგორც უკრაინის და მოლდოვის, თავისი ისტორიული მონაცემებით უნდა შეფასდეს. ამასთან აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი, რაც უფრო ნაკლები იქნება პოლარიზაცია, წარმატების უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნება. 

„როგორც იცით, იტალია არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროცესის წარმმართავი ევროპული ინტეგრაციის ჭრილში. იტალიამ კრიტიკულ ეტაპზე მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. თავისთავად, ევროკავშირის გაფართოებისადმი არის განსხვავებული მიდგომები. ვთვლი, რომ საქართველოს წევრობის განაცხადი, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის უნდა შეფასდეს თავისი ისტორიული მონაცემებით. პირველ რიგში უნდა მოხდეს შეფასება ლეგიტიმაციის საკითხის, სადაც განიხილება ძირითადი საკითხები, მსგავსი გაკეთდა სხვა პარტნიორების შემთხვევაშიც. ვიცით, რომ პროცესს სჭირდება დრო, ვიცით, რომ სტანდარტების და რეფორმების საკითხიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამავე დროს, ასოცირების შეთანხმების სრული შესრულება საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს ყველა თავისი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა ინტეგრაციის საკითხებით. ევროკავშირის ინსტიტუციების მხრიდან უფრო მეტი ზედამხედველობა იქნება საჭირო ამ ძირითადი მიმართულებით“, - აღნიშნა ენრიკო ვალვომ.

იტალიელმა დიპლომატმა, ასევე საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებაც შეაფასა და თქვა, რომ ნაკლები პოლიარიზაცია მეტი წარმატების შესაძლებლობას შექმნის.

„პოლიტიკურ ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი, უფრო მეტიც, უნდა გაერთიანდეს ძალისხმევა ერთიანი ამოცანების წინაშე, რომ მოხდეს შესაბამისი ადაპტირება, რომ აღმოიფხვრას პოლარიზაცია და რაც უფრო ნაკლები იქნება პოლარიზაცია, წარმატების უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნება“, – განაცხადა ვალვომ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა.

ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა.


28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.