ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შესახებ აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა, კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს.
„ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირი მზადაა, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს“, - ნათქვამია შარლ მიშელის Twitter პოსტში.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა.
„შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში და რომ ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.