ავსტრალიის მთავრობის ახალი სანქციები რუსეთის 11 ფიზიკურ პირსა და 12 ორგანიზაციაზე ვრცელდება. სანქცირებულ ფიზიკურ პირებს შორის არიან: რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩუპრიანი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე სერგეი კოროლიოვი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ნიკოლაი ბოგდანოვსკი და უკრაინის პარლამენტის ყოფილი პრორუსი წევრი, ილია კივა.
- ავსტრალიამ რუს სენატორებსა და პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა
- ავსტრალიამ რუსეთში ალუმინის და ალუმინის მადნების, მათ შორის ბოქსიტის ექსპორტი აკრძალა
- CNN: ავსტრალია რუსეთსა და ბელორუსში დამზადებული პროდუქციის იმპორტზე 35%-იან დამატებით ტარიფს აწესებს
„ჩვენ შევიყვანეთ სანქციების სიაში 11 ფიზიკური პირი და 12 ორგანიზაცია რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ხელშეწყობისთვის, 2022 წლის მარტში 32 პროპაგანდისტის წინააღმდეგ მიღებული ზომების საფუძველზე. მათ შორის არიან რუსული მედია ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მთავრობის ცრუ ნარატივებს. ავსტრალია ასევე აწესებს ფინანსურ სანქციებს იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, მათ შორის „ტროლების ფაბრიკა“, რომლებიც აწარმოებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას ინტერნეტში და რომელთაგან ბევრი დაკავშირებულია რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან,“- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა.
სანქცირებულ ორგანიზაციებს შორისაა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომელიც არსებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის დეფაქტო კერძო არმია.„ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლები მხარს უჭერენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, რაც აშკარად არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, სანქციები დაუწესდა ორ ბელორუსულ კომპანიას, რომელიც აწარმოებს სამხედრო აღჭურვილობას. „ორივე კომპანია აწარმოებს აღჭურვილობას, რომელსაც იყენებს ბელარუსის შეიარაღებული ძალები, რომელიც, თავის მხრივ. მნიშვნელოვან სტრატეგიულ მხარდაჭერას უწევს რუსეთის ძალებს,“- ნათქვამია ავსტრალიის საგარეო უწყების განცხადებაში.
ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ავსტრალიამ ამ დრომდე სანქციები დაუწესა 827 ფიზიკურ პირსა და 62 ორგანიზაციას.