პარლამენტმა დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა გიორგი გახარიას, რომელიც „ქართული ოცნების" პარტიული სიის პირველი ნომერი იყო. გახარიას თაოსნობით მინისტრთა კაბინეტს პარლამენტმა ნდობა 24 დეკემბერს გამოუცხადა.
დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს ოპოზიციის 54-მა დეპუტატმაც მიმართა, თუმცა მათი საკითხი ჯერჯერობით კენჭისყრაზე არ გასულა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა: „ჩვენ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს, რომ დეკემბერში არ გვეჩქარა. ეს თარიღი თებერვალში მოვა და დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი თებერვალში აუცილებლად ეყრება. ჩვენ შეგვიძლია კენჭისყრა იანვარშიც, მაგრამ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს ამის არგაკეთება და აღნიშნულ თხოვნას ვითვალისწინებთ".
ოპოზიციის წარმომადგენელთა დიდმა უმრავლესობამ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განცხადებები 16 დეკემბერს წარადგინა. განცხადებების გამოთხოვის ვადა კი 23 დეკემბერს ამოიწურა. პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის თანახმად, „პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება".