"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაში რჩება და კვლევები უტარდება. ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის", - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ჟურნალისტებთან განცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ნებართვის საფუძველზე კვლევის შედეგები უკვე გადაუგზავნეს სახალხო დამცველის აპარატს და მომავალშიც ამ პრინციპით გადააგზავნიან.
„ბატონი მიხეილი აგრძელებს დაკვირვების ქვეშ ყოფნას თერაპიულ განყოფილებაში. დღესაც გვყავდნენ სპეციალისტები, მოწვეული გვყავდა ფსიქიატრთა ჯგუფი. გაუკეთდა კიდევ სხვა ინსტრუმენტული კვლევები. გუშინ ჩაუტარდა სრული კომპიუტერული ტომოგრაფია. რაც შეეხება მოარულ თემებს, რომ არ ასაჯაროებენ, არ ამბობენ, მესმის, თქვენ გჭირდებათ ნიუსი, მაგრამ საქმე ეხება პაციენტის ჯანმრთელობას. ეს არ არის საჭორაო და საჯაროდ გასარჩევი თემა. სახალხო დამცველის აპარატიდან იყვნენ წარმომადგენლები, წარმომიდგინეს ბატონი მიხეილის დასტური, რომ თანახმაა, გავცეთ მისი ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები. ჩვენ მათ გადავუგზავნეთ ყველაფერი, რაც მოგვთხოვეს, ის, რაც გუშინდელი დღის ჩათვლით იყო გაკეთებული. შემდეგშიც, როდესაც მოგვმართავენ, ასევე დარჩენილი კვლევების პასუხებსაც, რა თქმა უნდა, გადავცემთ.
შესაბამისად, საჯარო განხილვის საგანი ეს არ უნდა იყოს. მე პასუხს ვაგებ ჩემს კლინიკაზე. პაციენტი გვიცხადებს სრულ ნდობას, არ გამოთქვამს უკმაყოფილებას არც ჩვენს მკურნალობის და არც ჩვენი კვლევების ტაქტიკაზე. შემდეგზე ვილაპარაკოთ შემდეგში. მინდა, ბატონი მიხეილი იყოს კარგად. მინდა, ყველა პაციენტი იყოს კარგად, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.
შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.
ასევე წაიკითხეთ:
- მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ
- კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი
- იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს