NATO სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრის დეტალებზე იუწყება

NATO-ს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, მხარეებმა უკრაინაში რუსეთის ომი და რეგიონზე მისი გავლენები განიხილეს.
 
გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო NATO-ს უახლოესი პარტნიორია და რომ მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გენერალური მდივანი ასევე მიესალმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღნიშნა, რომ NATO განაგრძობს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.

დღეს დილით, NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ალიანსის გენმდივანს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამ თემაზე განმარტება მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა. 

მოგვიანებით, NATO-მ განაახლა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს უმასპინძლებს.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.