აშშ-ის სენატმა კარიერული დიპლომატის ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა უკრაინაში ელჩად დაამტკიცა. წერს Reuters.
საგულისხმოა, რომ აშშ-ის ბოლო სამი წლის განმავლობაში 2019 წლიდან უკრაინაში ელჩი არ ჰყავდა. ბრინკთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სენატმა ერთსულოვნად მიიღო.
ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა აშშ-ის სენატს ჯო ბაიდენმა 27 აპრილს წარუდგინა.
ცნობისთვის, ბრიჯიტ ბრინკი მიჩიგანში დაიბადა. ოჰაიოში, კერძო კოლეჯის დასრულების შემდეგ, პოლიტიკური მეცნიერების ბაკალავრის დიპლომი მიიღო. ბრინკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 1996 წლისდან მუშაობს. მანამდე მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ბრიჯიტ ბრინკი ასევე მსახურობდა მისიის უფროსის მოადგილედ აშშ-ის საელჩოებში ტაშკენტში, უზბეკეთსა და თბილისში.
ამერიკელი დიპლომატი ელჩის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად, პრეზიდენტ ზელენსკისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ შეუდგება. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება.
2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა.