მსოფლიო ეკონომიკა სტაგფლაციის წინაშეა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მსოფლიოში ფინანსური მენეჯერების მთავარი თავსატეხია. ჩინეთის ეკონომიკის მკვეთრი შენელებით და ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ ინფლაციის შემცირების დაპირების შედეგად გამოწვეული საფრთხეები ძლიერდება, წერს Bloomberg.
ცნობისათვის, სტაგფლაცია (ინგლისურად Stagflation) აერთიანებს ორ ტერმინს – ინფლაციას და სტაგნაციას. ინფლაცია არის საქონლისა და მომსახურების ფასების საერთო დონის ზრდა, ხოლო სტაგნაცია ეკონომიკური განვითარების (ზრდის) შეჩერება ან მნიშვნელოვანი შენელებაა. შესაბამისად, სტაგფლაცია არის ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა, როდესაც ეკონომიკა აღარ იზრდება ან ნელი ტემპით იზრდება და, ამავე დროს, ქვეყანაში ფასების საერთო დონე გაზრდილია. სტაგფლაცია უფრო მძიმე მოვლენაა, ვიდრე ცალკე აღებული სტაგნაცია ან ინფლაცია, რადგან ფასები იზრდება იმ პირობებში, როცა მოსახლეობის შემოსავლები შემცირდა ან არ გაზრდილა.
G7 -ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ სტაგფლაციის შეჩერება უკვე შეუძლებელია.
„ომი უკრაინაში მსოფლიო ეკონომიკაზე დამატებით გავლენას ახდენს. ეს ნიშნავს გაზრდილ ინფლაციას რაც პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის იმპულსს ამცირებს. ჩვენ მოგვიწევს ვიმსჯელოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სტაგფლაციის სცენარი თავიდან ავიცილოთ“, - განაცახდა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდრენმა.
„სურსათისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები იწვევს სტაგფლაციის ეფექტს, კერძოდ, ამცირებს წარმოებას და ხარჯებს და ახალისებს ინფლაციას მთელ მსოფლიოში“, - ამბობს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი.
მზარდი ინფლაცია, ეკონომიკის ზრდის შენელებია და მზარდი უმუშევრობის დონე, ესაა სამეულის დამღუპველი კომბინაცია, რომელიც ყველაზე უარესი სცენარია ცენტრალური ბანკებისთვის და კანონმდებლებისთვის, რომლებსაც მოუწევთ არჩევანის გაკეთება თუ რომელ „დაავადებას“ გამოუცხადონ ბროლა. ფასები პოლიტიკოსების მთავარი საზრუნავია, იმ შემთხვევაშიც კი თუნდაც ამ ბრძოლამ შეასუსტოს მოთხოვნა და გაზარდოს უმუშევრობა.
Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა თქვა, რომ განაგრძობს განაკვეთების გაზრდას მანამ, სანამ არ იქნება „მკაფიო და დამაჯერებელი“ მტკიცებულება, რომ ინფლაცია შემცირდება. იმავდროულად, დიდ ბრიტანეთში ფასების ზრდამ მიაღწია 40 წლის მაქსიმუმს და ინგლისის ბანკის გუბერნატორმა ენდრიუ ბეილიმ თქვა, რომ სურსათზე ფასების ზრდას შეიძლება ჰქონდეს "აპოკალიფსური" შედეგები მსოფლიოსთვის.
S&P 500 ინდექსი 18 მაისს 4%-ით დაეცა, რაც 2020 წელს დაფიქსირებული ვარდნის შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგია. ინდექსი წლის დასაწყისიდან 17%-ით დაეცა, რაც 1940 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
ყველაზე დიდი შოკი მოსალოდნელია ჩინეთისგან, სადაც ანალიტიკოსები ეკონომიკის ზრდის პროგნოზებს დაბლა წევენ. tandard Chartered, Goldman Sachs Group-მა და Citigroup-მა ზრდის პროგნოზი მიმდინარე კვირას კიდევ შეამცირეს Bloomberg Economics-ი 2%-იან ზრდას პროგნოზირებს წლის განმავლობაში, მანამდე პროგნოზი 3.6% -ი იყო.