სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.4 პროცენტი შეადგინა.
მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 49.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 40.2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.7 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 2.2 და 2.9 პროცენტული პუნქტით.
"უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.1 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 3.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 1.5 პროცენტული პუნქტით.
საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.7 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 39.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 62.5 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.5 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.6 და 3.6 პროცენტული პუნქტით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.