აზერბაიჯანთან გაზის კონტრაქტებმა შესაძლოა შეამსუბუქოს ინფლაციის გავლენა საქართველოში. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ კობა გვენეტაძემ სსფ-ის ღონისძიებაზე ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას განაცხადა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გვენეტაძემ თქვა, რომ ნავთობის გაძვირება გავლენას ახდენს იმ ქვეყნებზე, რომლებშიც სახელმწიფო არ ასუბსიდირებს ელექტროენერგიის ფასებს.
„საქართველოში სახელმწიფო არ ასუბსიდირებს ელექტროენერგიის ფასებს. შესაბამისად, ფასები შიდა ბაზარზე იზრდება. მაგრამ გაზის ფასებთან დაკავშირებით სიტუაცია განსხვავებულია, რადგან ბუნებრივი აირის მიწოდების მოკლევადიანმა ორმხრივმა კონტრაქტებმა შეიძლება შეამსუბუქოს ინფლაციის გავლენა“, - განაცხადა გვენეტაძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2022 წელს საქართველოში ინფლაცია 9,9 პროცენტი იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ინფლაციის შენელებას 2023 წელს 5,1 პროცენტამდე, 2024-2027 წლებში კი 3 პროცენტამდე პროგნოზირებს.