სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები NATO-ს მოკავშირეებთან მუშაობს, რათა საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს

ექსკლუზივი

  • „საქართველო აშშ-სა და NATO-ს ძალიან ღირებული პარტნიორია
  • შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ის შორის მიმდინარე კონსულტაციების შესახებ, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. 

NATO-მ განაცხადა, რომ გაძლიერებული მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველო მასზე მორგებულ დახმარებას მიიღებს, რათა გაუმკლავდეს რუსეთის მავნე ზეგავლენას. აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებისგანაც მოვისმინეთ, რომ საქართველოსაც უნდა მიექცეს ყურადღება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გაზრდილი საფრთხეების გათვალისწინებით. რას გეგმავს აშშ ამ კუთხით და მიმდინარეობს თუ არა მუშაობა კონკრეტული მიმართულებით ზომების ამოქმედებაზე? შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ის ამ შეკითხვას უპასუხა. 

„საქართველო აშშ-სა და NATO-ს ძალიან ღირებული პარტნიორია. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში და მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან, რათა მხარი დაუჭიროს მის უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის მცდელობებს. 20 მაისს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გამართა.
საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), შეერთებული შტატებისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევაა, რათა ქვეყნებს შორის ძლიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, ეს ინიციტივა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებას ეფუძნება.
DDEI GDRP-ის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს ეფუძნება,  რომელიც თავის მხრივ მოიცავს შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, NATO-სთან თავსებადობის ხელშეწყობას, ინსტიტუციურ რეფორმებსა და მოდერნიზაციას ორგანიზაციული ცვლილებების მართვის გზით“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

20 მაისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები (BDC) მიმდინარეობს. ამ მიზნით საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) გასული წლის ბოლოს დასრულდა. ეს პროგრამა ჩაანაცვლა „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ“ (GDDEI), რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიციაა. GDDEI-ს დაწყების შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადეს.

უფრომ მეტი GDDEI-ს შესახებ

„საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ (GDDEI) არის უსაფრთხოების სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ინიციატივა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას საერთო უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად.

  • „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ წარმოაჩენს ამერიკის უწყვეტ ერთგულებას საქართველოსადმი და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

  • „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ არის ამერიკისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევა, რომ გაგრძელდეს ძლიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა და გაძლიერდეს „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP)“ წარმატება, რომელიც 2021 წლის დეკემბერში დასრულდება.

  • „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ იქნება უსაფრთხოების სფეროში ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიცია, რომელიც დაიწყება „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის “დასრულებისთანავე. 2018 წლის მაისიდან GDRP იყო საქართველოსთან უსაფრთხოების თანამშრომლობის ძირითადი პროგრამა.

  • „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ შედგება ორი კომპონენტისგან. ერთი ყურადღებას გაამახვილებს ორგანიზაციულ ცვლილებაზე თავდაცვის სექტორში ინსტიტუციონალური შესაძლებლობების ჩამოყალიბების კუთხით. მეორე კომპონენტი, კი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების  შესაძლებლობების გაძლიერებას წვრთნებსა და კომბინირებულ სამხედრო ოპერაციებში ბრიგადების ჩართვით, რაც აუცილებელია ტერიტორიული თავდაცვისთვის.

  • „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ გააგრძელებს „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მიღწეულ პროგრესს,

  • შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით, ხელს შეუწყობს NATO-სთან ურთიერთთავსებადობასა და ინსტიტუციურ რეფორმირებასა და მოდერნიზაციას ორგანიზაციული ცვლილებების მართვის მეშვეობით.

  • საქართველოს მთელი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რომლის მხარდაჭერასაც -„საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ ისახავს მიზნად, მოითხოვს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სამინისტროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

„აშშ-ის ევროპულ სარდლობას ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა აქვს საქართველოს თავდაცვის ძალებთან. ჩვენმა ერთობლივმა წვრთნებმა მიგვიყვანა ძლიერ და სტრატეგიულ ურთიერთობამდე, რაც წარმოაჩენს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ევროპულ სარდლობას, როგორც მზადმყოფ ძალებს. ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალ შესაძლებლობებს, ჩვენი ძლიერი ურთიერთობის გასაგრძელებლად სწავლებების მეშვეობით, რაც გააძლიერებს სამხედრო შესაძლებლობებს უსაფრთხოების დინამიურ გარემოში“, - აღნიშნავენ თავის მხრივ ამერიკის საელჩოში.