უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, უკრაინის უმაღლეს რადას წარუდგინოს კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში პოლონეთის მოქალაქეებს განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს მიანიჭებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პოლონეთის პრეზიდენტის ანდჯეი დუდას თანდასწრებით გააკეთა.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმს უკრაინის მოქალაქეების დახმარების შესახებ კანონისთვის, რომელიც ახლახან მიიღეს. ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის აგრესიის გამო პოლონეთში ჩვენს მოქალაქეებს თითქმის იგივე უფლებები და შესაძლებლობები მიენიჭებათ, რაც პოლონეთის მოქალაქეებს აქვთ. ესენი: კანონიერი საცხოვრებელი, დასაქმება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური შეღავათები. ეს არის დიდი ნაბიჯი და უდიდესი ჟესტი, რომლის გაკეთებაც მხოლოდ უკრაინის კარგ მეგობარს შეეძლო. ეს ნაბიჯი ცალმხრივი არ დარჩება. უახლოეს მომავალში უკრაინის უმაღლეს რადას მსგავს, სარკისებურ კანონპროექტს წარვუდგენ", - განაცხადა ზელენსკიმ.
იმავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთის მოქალაქეებს არასოდეს შეექმნათ სიტუაცია, როცა ასეთ პირობებში, ომის პირობებში დასჭირდებათ შეღავათები.
„მაგრამ ასეთ კანონებს დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ, რაც აჩვენებს, რომ უკრაინელები და პოლონელები თანასწორნი არიან. დარწმუნებული ვარ, უკრაინელი პარლამენტის წევრები დაუჭერენ მხარს ამ კანონს, სწრაფად და ხმათა უმრავლესობით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინა და პოლონეთი ერთობლივი სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მალე გააფორმებენ.