აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს განაცხადა, რომ მზადააა, ძალები გამოიყენოს ტაივანის დასაცავად, თუმცა განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს კუნძულთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებას.
იაპონიის ლიდერთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, რეპორტიორმა ბაიდენს ჰკითხა, დაიცავს თუ არა შეერთებული შტატები ტაივანს მასზე თავდასხმის შემთხვევაში, პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ, ეს არის ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ”.
„ჩვენ ვეთანხმებით ერთი ჩინეთის პოლიტიკას. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ყველა შეთანხმებას, მაგრამ აზრი, რომ ის შეიძლება, უბრალოდ, ძალით აიღონ, წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენმა რეგიონში ჩინეთის მზარდი პოზიციის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმედოვნებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გადაიხდის საფასურს უკრაინაში შეჭრისთვის, რათა აჩვენოს ჩინეთს, თუ რის წინაშე დადგება თუ ტაივანში შეიჭრება.
თავის მხრივ, ფუმიო კიშიდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბაიდენს უთხრა, რომ იაპონია განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად, მათ შორის საპასუხო მოქმედების შესაძლებლობის ჩათვლით, რაც მიუთითებს იაპონიის თავდაცვის პოლიტიკაში პოტენციურ ცვლილებაზე.