საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს კრისტალინა გეორგიევას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის დინამიკა და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს.
შეხვედრა დავოსში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„მთავრობის მეთაურმა სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის და რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო და ახლა ქვეყანა შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია.
პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის დროს სავალუტო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულმა შესაბამისმა პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კრიზისზე ეფექტური რეაგირების კუთხით. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.