"დღეს ჩვენი ქვეყნის გეზი სწორედ მშვიდობისკენაა მიმართული, ეს არის ერთადერთი საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც ბედნიერნი იყვნენ და აფხაზებიც, ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი ჩვენი ძმებიც", – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას აღნიშნა.
"პირველ რიგში, ვფიქრობთ აფხაზეთზე, ვფიქრობთ ცხინვალის რეგიონზე, ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, იმ საშინელ ომზე, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ. ათასობით ადამიანი არის დაღუპული როგორც აფხაზი, ისე ქართველი, 300 ათასამდე ადამიანი განდევნილი, გამოძევებული თავისი მშობლიური კუთხიდან და ჩვენი სამშობლოს უმშვენიერესი მხარე, აფხაზეთი, დროებით ჩამოშორებულია. როგორც მისი უწმინდესობა ბრძანებს, არასდროს არ უნდა ვთქვათ, რომ დაკარგულია, არამედ დროებით ვერ ვაკონტროლებთ ამ მხარეს. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გეზიც სწორედ მშვიდობისკენ არის მიმართული, ეს არის ერთადერთი საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც ბედნიერნი იყვნენ და აფხაზებიც, ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი ჩვენი ძმებიც“,- განაცხადა მეუფე შიომ.