პესკოვმა გაიმეორა, რომ რუსეთი არ გეგმავს ნაბიჯების გადადგმას ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებისთვის

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი არ გეგმავს რაიმე ნაბიჯების გადადგმას ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციისთვის მიერთების მიზნით. ამის შესახებ „რია ნოვოსტი “წერს.

„ამ თემაზე უკვე ვილაპარაკე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კუთხით რუსული მხარიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა და არცაა დაგეგმილი “, - აღნიშნა მან.

პესკოვმა ასევე მიუთითა ინციდენტზე, რის გამოც, მისი თქმით, „საჭიროა კანონიერად დაფიქრება ფორმულირებაზე“.

„თქვენ იცით, რა თქმა უნდა, თეორიულად, თუ ამას სერიოზულად მივიღებთ, მაშინ ჯერ კიდევ გვჭირდება ამ საკითხის იურიდიულად დასრულება, რადგან თუ სწორად გავიგეთ, რეფერენდუმის საკითხი იურიდიულად არის ჩამოყალიბებული, როგორც ე.წ. სამხრეთის რესპუბლიკის გაერთიანება. ანუ იურიდიულად ესაა კაზუსი, რადგან თუ გაერთიანებაა, მაშინ საუბარია მესამე სახელმწიფოს შექმნაზე, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ამიტომ, ცოტა უნდა იფიქროთ, ალბათ იურიდიულად, მხოლოდ ფორმულირებაზე“, - თქვა პესკოვმა.


„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი.