თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო ხუთთვიან მინიმუმამდე დაეცა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაციის ფონზე, იტყობინება Bloomberg.
24 მაისს ლირა 0,7%-ით დასუსტდა და $1-ზე 16,0477 ლირა შეადგინა. გასული წლის ნოემბერში 1 დოლარი 10 ლირაზე ნაკლები ღირდა, მაგრამ შემდეგ თურქული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა და 20 დეკემბერს მიაღწია ისტორიულ მინიმუმს 18,3633 ლირა $1-ზე.
სამომხმარებლო ფასები თურქეთში აპრილში 70%-ით გაიზარდა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მარტში მათმა ზრდამ 61,1% შეადგინა, თებერვალში - 54,4%.
თურქული ვალუტა აგრძელებს გაუფასურებას მილიარდობით დოლარის სახელმწიფო ინტერვენციისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ წარმოდგენილი „ლირის გადარჩენის გეგმის“ მიუხედავად. ლირაზე ზეწოლას, სხვა საკითხებთან ერთად, ენერგეტიკული ფასების სწრაფი ზრდის ფონზე მიმდინარე ანგარიშის მზარდი დეფიციტი ახდენს, - წერს Bloomberg. ეს ფაქტორი ასევე ამცირებს ქვეყნის სავალუტო რეზერვებს, რომელიც მაისის მეორე კვირაში $4,8 მილიარდით დაეცა. „რეზერვების ვარდნა "მიუთითებს სირთულეს ლირის სტაბილურობის შენარჩუნებაში მზარდი წინააღმდეგობის ფონზე", - ამბობს კრისტიან მაჯიო, პორტფელის სტრატეგიის ხელმძღვანელი ლონდონში დაფუძნებული TD-ში.
26 მაისს, თურქეთის ცენტრალური ბანკი საბაზისო განაკვეთზე სხდომას გამართავს. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი 14%-ზე დარჩება. გასული წლის განმავლობაში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო განაკვეთი ოთხჯერ შეამცირა - 19%-დან 14%-მდე, ამ ფონზე ლირის კურსი განახევრდა.