უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ნათქვამ შეფასებებს კრიტიკული პოსტით ეხმაურება. პოდოლიაკის უკმაყოფილება ჰენრი კისინჯერის შენიშვნას მოჰყვა, რომლის თანახმად, უკრაინა თავისი ტერიტორიის ნაწილის რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დათმობას უნდა დაეთანხმოს.
„ბატონი კისინჯერი ისევე მარტივად დართავდა ნებას რუსეთს, რომ პოლონეთი და ლიეტუვა წაეღო, როგორ მარტივადაც გვთავაზობს ომის შესაჩერებლად უკრაინის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას. კარგია, რომ სანგრებში მყოფ უკრაინელებს არ სცალიათ „დავოსის პანიკიორების“ მოსასმენად. ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით არიან დაკავებულნი“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა დავოსის ფორუმზე ისაუბრა, როგორ შეუძლია, მიმდინარე ომს შეცვალოს სამყარო.
„მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უნდა დასხნდნენ უახლოეს ორ თვეში. უკრაინა უნდა ყოფილიყო ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის, მაგრამ ახლა, როდესაც ურთიერთობები იცვლება, ჩვენ შეიძლება შევედით სივრცეში, სადაც გამყოფი ხაზი ხელახლა გაივლება და რუსეთი მთლიანად იქნება იზოლირებული.
ჩვენ ახლა ვდგავართ სიტუაციის წინაშე, როდესაც რუსეთი შესაძლოა, სრულიად გაუცხოვდეს ევროპისგან და სხვაგან ეძებოს მუდმივი ალიანსი. ამან შესაძლოა, ცივი ომის მსგავს დიპლომატიურ დისტანცირებამდე მიგვიყვანოს, რაც ათობით წლით უკან დაგვაბრუნებს. ჩვენ უნდა ვისწრაფვოდეთ გრძელვადიანი მშვიდობისკენ“, - განაცხადა კისინჯერმა.