საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელის იანვარ-აპრილში უკრაინა-საქართველო სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრისა და ეკონომიკის 45%-იანი ვარდნის მიუხედავად, უკრაინა საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში მე-9 ადგილზეა. 2021 წელს კი მე-5 ადგილს იკავებდა.
როგორია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა და რას ყიდის და ყიდულობს საქართველო უკრაინაში - Europetime-ს საქსტატმა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა.
2022 წლის იანვარ-აპრილი:
- ბრუნვა $145 მილიონ 962 ათასი;
- იმპორტი - $92 მილიონ 996 ათასი;
- ექსპორტი - $52 მილიონ 965 ათასი;
2021 წლის იანვარ-აპრილი:
- ბრუნვა $219 მილიონ 062 ათასი;
- იმპორტი - $121 მილიონ 511 ათასი;
- ექსპორტი - $97 მილიონ 550 ათასი.
- სხვაობა $74 მილიონი
რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო უკრაინაში
ექსპორტი იანვარ-აპრილი 2022 წელი
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი
- მსუბუქი ავტომობილები
- ფეროშენადნობები
- ეთილის სპირტი არადენატურირებული
- სპირტიანი სასმელები
- მინერალური და მტკნარი წყლები
- ყურძნის ნატურალური ღვინოები
- მანქანები და მექანიკური მოწყობილობები
- პირადი ნივთები
- ნარჩენები და ჯართი სპილენძისა
- ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული
- დანარჩენი საქონელი
იმპორტი იანვარ-აპრილი 2022 წელი (ათასი აშშ დოლარი)
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს შემცვლელები
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული
- ფეროშენადნობები
- კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები
- მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას
- ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან
- ბამბა საფეიქრო მასალებისაგან
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების
- სხვა მზა პროდუქტები
- სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო
- და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები
- ნაგლინი ბრტყელი სხვა ლეგირებული ფოლადებისაგან
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი
- დანარჩენი საქონელი
რა გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბაზარზე უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვის შემცირება ამ საკითხზე Europetime „ჯეო ქეისის“ მკვლევარ, ეკონომისტ გიორგი აბაშიშვილს ესაუბრა.
ET: სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა. რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე?
უკრაინის, როგორც სავაჭრო პარტნიორის როლი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. უკრაინამ გადამწყვეტი როლი ითამაშა თურქეთთან ერთად, როდესაც რუსეთმა სავაჭრო ემბარგო გამოგვიცხადა. შესაბამისად იმ პერიოდში, თუ ვინმეს იმედი გვქონდა, ეს იყო ორი ქვეყანა - თურქეთი და უკრაინა. თუ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა და ამ ქვეყანასთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა კიდევ შემცირდა, ეს ავტომატურად ნიშნავს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების ზრდას, რაც გრძელვადიან პერიოდში საქართველოზე უარყოფითად აისახება, რადგან რუსეთი არ არის სტაბილური ბაზარი. ჩვენი ბიზნესი კი ვერ გამოვიდა პოსტსაბჭოთა მენტალიტეტიდან.
ET: ყველაზე მეტად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის შემცირება რა სექტორებზე იგრძნობა?
დღეს უკრაინის ეკონომიკა გაჩერებულია. სტატისტიკის თანახმად, არის 45%-იანი ვარდნა. არის დაახლოებით ის ვითარება, რაც საქართველოში 90-იან წლებში შეიქმნა. პროდუქცია ვერ გადის ექსპორტზე უკრაინიდან. უკრაინა, როგორც საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2021 წელს მე-5 ადგილზე იყო. სახეზეა ექსპორტ-იმპორტის შემცირება. ასევე საქართველოს დააკლდება შემოსავალი ფულადი გზავნილებიდან და ტურიზმიდან. ცნობილია, რომ უკრაინამ ხორცის, ჭვავის, შვრიის, წიწიბურას, შაქრის, ფეტვისა და საკვები მარილის ექსპორტი შეაჩერა. ასევე მოიშალა მიწოდების ჯაჭვი, რაც ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტებს გააძვირებს. უკვე დაფიქსირდა საშენ-მასელებზე, კოფტონზე და სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა. ომი კონცენტრირდა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში და მაისიდან შესაძლოა ვითარება შეიცვალოს.
ET: ამ პროგნოზის გაკეთების საშუალებას რა გაძლევთ? უკრაინაში ომი ახალ ფაზაში გადავიდა. ცნობილია, რომ უკრაინის პორტებში მარცვლეული და სასურსათო პროდუქტები დაბლოკილია, ამ შემთხვევაში როგორაა შესაძლებელი უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება?
საქართველო ძირითადად პროდუქციას იღებდა უკრაინული პორტებით, რომელიც ახლა დაბლოკილია. ამ პორტების განბლოკვა არის მთელი მსოფლიოს პრობლემა. სასურსათო უსაფრთხოება, რომელიც საქართველოს აწუხებს ისევე აწუხებს დანარჩენ მსოფლიოს. თუ უკრაინის პორტები არ განიბლოკება შეუძლებელია, რომ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა უკრაინასთან რამე ფორმით გაუმჯობესდეს. ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც უკრაინიდან შემოდიოდა გაძვირდება. ალტერნატიული ბაზარი არის, მაგრამ ეს ფასების ზრდას გამოიწვევს. დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას, მიმდინარეობს მოლაპარაკება, განიხილება რამდენიმე სცენარი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ET: რა უნდა გააკეთოს საქართველომ, მაშინ როცა პანდემიის და შემდგომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ახალი ტენდენციები გამოიკვეთა?
გეთანხმებით, პანდემიის შემდგომმა ვითარებამ, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, შექმნა მსოფლიოში ახალი დღის წესრიგი, რომელიც აყალიბებს ახალ მსოფლიო ფასებს. არავინ არ იცის რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა მომგებიანი იქნება თუ წამგებიანი. შესაბამისად საქართველომ უნდა მოახდინოს ორიენტირება არა რუსეთზე, არამედ ევროკავშირზე. ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ და გავყიდოთ რუსეთის ბაზრის გარეშე. თუმცა ბოლო წლებში რუსეთის ბაზარზე ქართული ბიზნესის დამოკიდებულება გაიზარდა. მაგალითად აშშ აქცენტს აკეთებს, იმაზე თუ როგორი ურთიერთობა ექნება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონთან. მნიშვნელოვანია ბაიდენის ვიზიტი სამხრეთ კორეაში, იაპონიაში აქ ცდილობს ურთიერთობების დალაგებას. საკმაოდ მნიშვნელოვანია ინდოეთი. ამ ქვეყნებიდან არცერთი არაა აშშ-ის მეზობელი, მაგრამ ისინი ფართოდ იყურებიან. ჩვენ უნდა გამოვიდეთ საბჭოთა მენტალიტეტიდან, რომ ჩვენი მეზობელია ჩვენი სავაჭრო პარტნიორი. ეს უნდა დავივიწყოთ. ჩვენი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირი, ჩვენი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი. რუსეთის ბაზარი თანდათან უნდა დავტოვოთ. ბუნებრივია ეს გამოიწვევს ფასების ზრდას, მაგრამ დროთა განმავლობაში, საქართველოს ბევრ სარგებელს მოუტანს.
p.s. 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (290.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (156.4 მლნ. აშშ დოლარი).
- უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას.