უკრაინის პორტებში თითქმის 4,5 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი. ჯერჯერობით, ხორბლის ექსპორტი შეუძლებელია, რადგან ომის გამო საზღვაო გზები დაკეტილია. გაერო რუსეთს მოუწოდებს, რომ უკრაინული ხორბალი განბლოკოს, რადგან ეს აზიის ქვეყნებში შიმშილს, ხოლო მსოფლიოში იძულებით მიგრაციას გამოიწვევს. განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის გათავისუფლების რამდენიმე სცენარი იკვეთება.
- როგორ აისახება ეს ვითარება საქართველოზე მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლის მარაგების შემცირება დაადასტურა.
- რატომ დაბლოკა რუსეთმა უკრაინული ხორბალი პორტებში?
- რა გავლენა ექნება კრიზისზე გაეროს განცხადებებს და რა ვითარებაა მსოფლიო ბაზარზე მას შემდეგ რაც ინდოეთმა ხორბლის ექსპორტი ნაწილობრივ შეაჩერა?
- როგორ შეიძლება განიბლოკოს უკრაინის პორტებიდან ხორბალი?
Europetime-თან თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ეკონომისტი ბადრი რამიშვილი ამბობს, რომ უკრაინის პორტებში ბლოკირებული ხორბლის შედეგად შექმნილი კრიზისი საქართველოზე არ აისახება, თუმცა მოსალოდნელია ამ ქვეყნიდან იმპორტირებული სხვა პროდუქტების გაძვირება.
„ამ კრიზისის შედეგად დაზარალდებიან მსოფლიოს მესამე სამყაროს ქვეყნები, სადაც ცხოვრების დონე ძალიან დაბალია და სიღარიბის მაჩვენებელი მაღალი. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ $5 ათასია. თუ ფასები კიდევ გაიზარდა სახელმწიფოს აქვს უნარი, ინფლაციის გავლენის შესამცირებლად განახორციელოს სუბსიდირება“.
რუსეთ-უკრაინის ომამდე საქართველო ხორბლის 90%-ზე მეტს რუსეთიდან ყიდულობდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს ქვეყანამ ჯამში $93.5 მილიონის ღირებულების 367,000 ტონა ხორბალი შეიძინა. აქედან $87.4 მილიონის (338,000 ტონა) ხორბალი რუსული, $4.6 მილიონის ღირებულების კი, ამერიკული იყო (24.4 ათასი ტონა).
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს უკრაინა-საქართველო სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია.
2022 წლის იანვარ-აპრილი:
- ბრუნვა $145 მილიონ 962 ათასი;
- იმპორტი - $92 მილიონ 996 ათასი;
- ექსპორტი - $52 მილიონ 965 ათასი;
2021 წლის იანვარ-აპრილი:
- ბრუნვა $219 მილიონ 062 ათასი;
- იმპორტი - $121 მილიონ 511 ათასი;
- ექსპორტი - $97 მილიონ 550 ათასი.
ცნობილია, რომ უკრაინამ ხორცის, ჭვავის, შვრიის, წიწიბურას, შაქრის, ფეტვისა და საკვები მარილის ექსპორტი შეაჩერა. „საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვის შემცირება იმ პროდუქტებს გააძვირებს, რაც საქართველოს ამ ქვეყნიდან შემოჰქონდა. განსაკუთრებით მოსალოდნელია სასურსათო ზეთის გაძვირება“, - ამბობს რამიშვილი.
- რატომ დაბლოკა რუსეთმა უკრაინის პორტებში ხორბლი და როგორ შეიძლება განვითრდეს მოვლენები
Europetime-თან თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ეკონომისტი ბადრი რამიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის თემას ბევრი ასპექტი აქვს და ეს საკითხი პირველ რიგში პოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. „თუ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, უკრაინის პორტებში ხორბლის დაბლოკვის საკითხი შესაძლოა, გამოყენებული იყოს რუსეთის პოზიციების კიდევ უფრო შესასუსტებლად. კერძოდ, შავ ზღვაში, უკრაინის პორტების თავზე ცა დაიხუროს და ეს ტერიტორია არასაფრენ ზონად გამოცხადდეს და ასე მოხდეს ხორბლის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეზღუდვის აღმოფხვრა. პოლიტიკური თვალსაზრისით ამან გაეროს გადაწყვეტილებებზეც შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება და მოხდეს რუსეთის სტატუსის შემცირება ამ ორგანიზაციაში. ამასთან კავშირშია ისიც, რომ აშშ-მ უკრაინისთვის უფრო შორს მოქმედი Harpoon და Naval Strike-ს რაკეტების გადაცემა ჰუმანიტარული პრობლემებით გაამართლოს. ამ შემთხვევაში ყველაფერი ერთმანეთზეა აგებული, თუმცა არ გამოირიცხება და მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორიც“.
- უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს
- გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი
Europetime-თან ბადრი რამიშვილი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს, ხორბლის ბაზარზე პანიკის შექმნა. „რუსეთმა თვითონ აკრძალა ქვეყნიდან ხორბლის ექსპორტი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. თვითონ წავიდა ზარალზე, რომ ხორბლის ბაზარზე პანიკა შექმნას. ამ აჟიოტაჟის კვალდაკვალ შესაძლოა დასავლეთი დაზარალდეს და შეიძლება, ამ ამღვრეულ წყალში რუსეთმა მოიგოს. ესაა რუსეთის ერთ ერთი ბერკეტი დასავლეთზე ზეწოლა მოახდინოს და ბუნებრივია ამ შანსს იყენებს“.
- გაეროს განცხადებები და ვითარება ხორბლის მსოფლიო ბაზარზე
უკრაინის პორტებში აჟიოტაჟის კვალდაკვალ, გასულ კვირას რუსული ხორბალი გაძვირდა და 1 ტონაზე ფასმა $390 შეადგინა. ხორბლის მსოფლიო ფასებზე მყისიერი გავლენა ჰქონდა ინდოეთის განცხადებას მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ექსპორტის ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ. ევროპაში 1 ტონა ხორბალი €422-დან €435-მდე გაძვირდა. ასევე, ფასების ზრდა დაფიქსირდა ჩიკაგოს ბირჟაზეც და ივნისის ფიუჩერსებზე 1 ბუშელ ხორბალზე (35,2 ლიტრი) $12,47 შეადგინა.
„ტრეიდერები ამბობენ, რომ ახალი აკრძალვა დამატებით ზეწოლას ახდენს გლობალურ საექსპორტო ბაზარზე, იმის გათვალისწინებით, რომ ინდოეთი უნდა გამხდარიყო რუსეთისა და უკრაინის ალტერნატივა მიმდინარე საომარი მოქმედებების პირობებში“, - თქვა ჯეკ სკოვილმა, Price Futures Group-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ინდოეთმა ხორბლის ექსპორტის ნეწილობრივ შეჩერებაზე განცხადება მოულოდნელად გააკეთა და მიზეზად მეტეოროლოგიური პირობები დაასახელა. ქვეყანაში ხორბლის მოსავალი აპრილში გვალვებმა დააზიანა. მარტში ინდოეთმა მსოფლიო ბაზარზე გასაყიდად 7,85 მილიონი ტონა ხორბალი გამოიტანა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 2,1 მილიონი ტონა იყო.
ამ ვითარებიდან გამომდინარე გასულ კვირას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოსალოდნელ სასურსათო კრიზისზე მწვავე განცხადებები გააკეთა. WSJ-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც გაერო და დასავლეთი ბელორუსთან უკრაინული ხორბლის ექსპორტის დაშვებას განიხილავს, სანაცვლოდ კი, კალიუმის ექსპორტზე სანქციების მოხსნას სთავაზობს.
- გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა
- WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს
- გუტერეში: უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების განახლების გარეშე სასურსათო კრიზისს ეფექტიანად ვერ დავძლევთ
- გაერო: უკრაინის პორტების ბლოკირებამ შესაძლოა, შიმშილი და იძულებითი მიგრაცია გამოიწვიოს
ხორბლის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებზე ლაპარაკობს უკრაინაც. უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დენის მარჩუკის ინფორმაციით, G7 ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გერმანიაში ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ევროპის საზღვარზე „მწვანე დერეფნების“ შექმნის შესაძლებლობა. მარჩუკი განმარტავს, რომ საუბარია ცალკეული საგუშაგოების ორგანიზებაზე დიდი რაოდენობით პერსონალით. „უკრაინიდან მარცვლეულით სატვირთო მანქანების უწყვეტი და სწრაფი გადაადგილება შესაძლებელია რუმინეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში და შემდგომში გემებით ტრანსპორტირება და მთელი მსოფლიოსთვის მიწოდება“.
Europetime-თან ბადრი რამიშვილი ამბობს რომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებთან ერთად დასავლეთს სურს ხორბლის პრობლემით გაეროში მსოფლიოს მესამე ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება. „დასავლეთი ცდილობს, ხორბლის პრობლემით მოიპოვოს მესამე სამყაროს ქვეყნების მხარდაჭერა და რუსეთთან მიმართებით უკმაყოფილება გაზარდოს. მსოფლიოს მესამე ქვეყნებისთვის ეს ხორბალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, უკრაინული ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველი იყო ბანგლადეში ასევე აფრიკის ქვეყნები“.
როგორ განვითარდება მოვლენები პორტებში დაბლოკილ უკრაინულ ხორბალთან დაკავშირებით, პროგნოზირება რთულია, ამბობს ბადრი რამიშვილი, თუმცა ამ ვითარებიდან საკუთარი სარგებლის მიღებას ყველა მხარე შეეცდება.
FAO-ს მონაცემებით, 2021 წელს მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ექსპორტიორი TOP 5 ქვეყანაა: რუსეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია, უკრაინა. TOP 5 მწარმოებელი ქვეყანაა ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, აშშ, საფრანგეთი.