თეა წულუკიანი ევროკავშირის წევრობაზე: ჩვენ ამ სტატუსს მივიღებთ, რასაკვირველია, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად

დიდი იმედი მაქვს ევროკავშირის მმართველების, რომ უერთგულებენ ფუძემდებელი მამების ღირებულებებს და საქართველოს მიანიჭებენ იმას, რაც ისტორიულად და სამართლიანად ეკუთვნის. ჩვენ ამ სტატუსს მივიღებთ, რასაკვირველია მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„იმედი მაქვს, რომ ისინი უერთგულებენ ფუძემდებელი მამების იდეოლოგიას, იდეებსა და ღირებულებებს, რომლებმაც ჯერ ევროსაბჭო შექმნეს და დააფუძნეს, შემდეგ უკვე პრაქტიკულად ევროსაბჭოს ბაზიდან წამოვიდა ევროკავშირი, იქნება ეს დროშა თუ სხვა ატრიბუტიკა. იმედი მაქვს, აი, მათი ერთგული იქნება ევროპელი მმართველების ამჟამინდელი თაობა და საქართველოს მიანიჭებენ იმას, რაც მას ისტორიულად და სამართლიანად ეკუთვნის. ეს ისტორიული სამართლიანობა არ მოიცავს მხოლოდ წარსულს, არის დაფუძნებული აწმყოზეც. ჩვენ ამ სტატუსს მივიღებთ, რასაკვირველია მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. აი ეს არის ჩემი მოლოდინი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. უკრაინამ შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. კითხვარის მეორე ნაწილი უკრაინამ 9 მაისს დააბრუნა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.