"2020 წელს პრივატიზებიდან 130 მლნ ლარზე მეტის მობილიზება მოხდა, რაც 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 12 მლნ ლარით მეტია" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში პრეზენტაციისას.
თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად 2020 წელი საკმაოდ წარმატებული იყო სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და ახალი სტიმულია ეკონომიკისთვის, რომ გაჯანსაღდეს და განვითარდეს.
პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ნინო ენუქიძე, აგრეთვე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელი პირები.
2020 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 146 მლნ ლარზე მეტი თანხა იყო მობილიზებული. აქედან, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან სააგენტომ 130 მლნ ლარზე მეტის მობილიზება მოახდინა, საიდანაც ბიუჯეტში დაახლოებით 95 მლნ ლარზე მეტი გადაირიცხა, რაც წლიური გეგმის 106 პროცენტია. ამასთან, ბიუჯეტმა სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან 2020 წელს გაცილებით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2019 წელს. მეტიც, 2016 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45 მლნ ლარზე მეტია.
მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით წარმატებით იმუშავა სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების სააგენტოს ინიციატივამ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომლის ფარგლებშიც 2020 წელს 115 ობიექტი უკვე გაიყიდა, ხოლო 130 სახელმწიფო ობიექტზე პარალელური აუქციონებია გამოცხადებული.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პარალელურ აუქციონებზე 67 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება იყო გამოტანილი, მათი დასრულების შემდეგ ქონების ჯამური გაყიდვის ფასმა 84 მლნ ლარს გადააჭარბა.
პრეზენტაციაზე სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს პრივატიზების კუთხით სამომავლოდ დაგეგმილ ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ამჟამად უფუნქციო ან ნაკლებად ეფექტური სახელმწიფო ქონების ჩართვას ეკონომიკურ ცხოვრებაში.
„სამომავლოდ ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს. მომავალ წელს პრივატიზაცია იქნება ერთ-ერთი სტიმული, რომელიც ჩვენს ეკონომიკას აღადგენს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
პრეზენტაციაზე პოზიტიურად შეფასდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი მომსახურების სააგენტოს შერწყმა, როგორც მნიშვნელოვანი რეფორმა სახელმწიფო უძრავ - მოძრავი ქონების „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განკარგვის მიმართულებით.
ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების გამიჯვნის, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების ოპტიმიზაციის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებისთვის უძრავი ქონების გადაცემა და სხვა.