ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს მოლაპარაკებები მინიმუმ ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ჰქონდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს მოლაპარაკებებში მონაწილე თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ჰქონდა ორმხრივი კონსულტაციები.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მსგავსი კონსულტაციების წარმართვა დიპლომატებმა სთხოვეს.

„ჩვენ ასეთი კონსულტაციების წარმართვა დიპლომატებმა გვთხოვეს და თითქმის ყველა პარტიასთან გვქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასეთი ტიპის ორმხრივი კონსულტაციები. თითქმის ყველა პარტია იყო, გამოკლებით ერთი ან ორი პარტიის, ვისთანაც არ იმართებოდა ასეთი კონსულტაციები. ეს ყველაფერი გაგრძელდება და ჩვენ დაველოდებით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, სადაც ალბათ უნდა გაირკვეს, საით მიდის პროცესი“, - აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ასეთი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა სულ მცირე ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან.

„მე ვთქვი ნახევარზე მეტი. ნახევარზე მეტი არის მინიმუმ ხუთი. თუმცა ხუთზე მეტიც არის ასეთი პარტია. კონსულტაციები წარმოებდა ბევრთან, თითქმის ყველასთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა შეხვედრები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“, კობახიძე პასუხობს: „ამ ორიდან ერთ-ერთთანაც იყო, მინიმუმ“.