2021 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, სიღარიბის დონე სოფლად უფრო მაღალია ვიდრე დიდ ქალაქებში.
2021 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 6.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.3 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
- 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 22.7 პროცენტი შეადგინა (-3.7 პროცენტული პუნქტი),
- 18-64 წლის ჯგუფში - 17.3 პროცენტი (-3.9 პროცენტული პუნქტი),
- 65 წლის და უფროსი ასაკის ჯგუფში - 11.9 პროცენტი (-3.5 პროცენტული პუნქტი).
- აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი როგორც ქალებში ისე კაცებში შემცირებულია 3.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 17.1 და 17.9 პროცენტს შეადგენს.
აბსოლუტური სიღარიბე განისაზღვრება, როგორც რესურსებისა და საშუალებების სრული ნაკლებობა, რაც საჭიროა ცხოვრების ყველაზე ძირითადი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. აბსოლუტური სიღარიბე ხასიათდება საკვების, ტანსაცმლისა და თავშესაფრის ხელმისაწვდომობის ნაკლებობით.
რაც შეეხება სოციალური უთანასწორობის დონეს, საქსტატის ცნობით, 2021 წელს ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით არ შეცვლილა და 0.37-იან ნიშნულზეა, ასევე არ შეცვლილა კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით და 0.39-ს შეადგენს.
ჯინის კოეფიციენტი შემცირებულია მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით - 0.36-დან - 0.34-მდე, ხოლო მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით უცვლელია და შეადგენს 0.42-ს.
2021 წელს მედიანური მოხმარების 60% ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 7.4% შეადგინა.