ზელენსკი ერევანში ფაშინიანს შეხვდა: მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის აქტიური დიალოგის აღდგენის პროცესში ვართ

ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა.


სომხური მხარის ცნობით, შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა სომხეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთქმედების განვითარების პერსპექტივები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ურთიერთინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.


თანამოსაუბრეებმა ასევე გაცვალეს აზრები რეგიონულ და გლობალურ განვითარებასთან დაკავშირებით.

ხაზგასმით აღინიშნა სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობის ხელშეწყობის აუცილებლობა.


ზელენსკის ცნობით კი, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილა.


„ასევე, განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხი. წინადადება წამოვაყენე, რომ აღდგეს ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მუშაობა და შემდეგი შეხვედრა მიმდინარე წელს კიევში შედგეს,“ - წერს ზელენსკი X-ზე.


„ეს სომხეთში ბოლო 24 წლის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური დიალოგის აღდგენის პროცესში ვართ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.


დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის მონაწილეებს მიმართა.


ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის გადაწყვეტილებას, უკრაინის დრონებით თავდასხმების შიშის გამო, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ აღლუმზე სამხედრო ტექნიკა არ გამოფინოს, მოსკოვის მზარდი სისუსტის დასტურად მიიჩნევს.


„ეს ზაფხული იქნება მომენტი, როდესაც პუტინი გადაწყვეტს, რა გააკეთოს შემდეგ: გააფართოოს ეს ომი თუ დიპლომატიური გზებით გადავიდეს. ჩვენ კი, ის დიპლომატიისკენ უნდა წავიყვანოთ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც ადრე. 


„რუსეთმა 9 მაისს აღლუმი გამოაცხადა, თუმცა ამ აღლუმზე სამხედრო ტექნიკა არ იქნება. თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება პირველი შემთხვევა მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ისინი ვერ შეძლებენ აღლუმზე იარაღის წარმოდგენას. მათ არ აქვთ საშუალება სამხედრო ტექნიკის შესაძენად — და ეშინიათ, რომ დრონები შესაძლოა, წითელ მოედანზეც გამოჩნდნენ. ეს ბევრს ამბობს. ეს აჩვენებს, რომ ახლა ძლიერები აღარ არიან. ამიტომაც უნდა გავაგრძელოთ მათზე ზეწოლა სანქციების მეშვეობით,“ - აღნიშნა ზელენსკიმ ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტზე.


უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინისა და ევროპის წინააღმდეგ, ისეთივე ინტენსივობით გრძელდება, როგორც ადრე.


„მადლობელი ვარ ყველა ლიდერის სამხედრო მრეწველობისა და რუსული ბანკების წინააღმდეგ მიმართული სანქციებისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ზეწოლა. სანამ ეს ომი გრძელდება, უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ, თუ რუსეთი არ შეწყვეტს ამ ომს. ჩვენ გვჭირდება უწყვეტი ზეწოლა და მშვიდობა. და, რა თქმა უნდა, მთავარია: ჩვენ უნდა ვიპოვოთ მოქმედი დიპლომატიური ფორმატი და ევროპა უნდა იყოს წარმოდგენილი ნებისმიერ მოლაპარაკებათა მაგიდასთან,“- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუდმივად უნდა ჰქონდეთ კავშირი აშშ-სთან და ესმოდეთ მათი პოზიციები. თუმცა მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, თუ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ერთიანი ევროპული ხმის ჩამოყალიბებას შეძლებდნენ.


„მადლობას გიხდით მე-20 სანქციების პაკეტისთვის - მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, ევროკავშირის, ანტონიუს, ურსულას, დიდი მადლობა - და განსაკუთრებით იმ სანქციებისთვის, რომლებიც რუსული ნავთობის, სამხედრო ინდუსტრიისა და რუსული ბანკების წინააღმდეგ არის დაწესებული. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ზეწოლა. გთხოვთ, წინააღმდეგობა გაუწიოთ სანქციების შემსუბუქების ნებისმიერ იდეას - ეს მნიშვნელოვანია. ასევე მადლობა მათ, ვინც იბრძვის რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ.


ვიდრე ეს ომი გრძელდება - უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. ყველა დამხმარე პაკეტი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვა. PURL პროგრამაში ყველა წვლილი მნიშვნელოვანია. და ჩვენ გვჭირდება ახალი PURL პაკეტები წელს, მაისში. ეს გვეხმარება ბალისტიკური საფრთხეებისგან თავის დაცვაში.


მე მჯერა, რომ ევროპას უნდა შეეძლოს ყველაფრის წარმოება, რაც მას სჭირდება ყველაფრისგან თავის დასაცავად - ყველა ბალისტიკური თავდასხმისგან და ყველა სხვა იარაღისგან - დამოუკიდებლად. ჩვენ ვთავაზობთ წვლილს ევროპის თავდაცვაში - ჩვენი დრონების შეთანხმებები. ისინი აერთიანებს ქვეყნებს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი დაცვა მთელ ევროპაში - დრონებისგან და ყველა თავდასხმისგან, პოტენციური თავდასხმებისგან, ჰაერში, ზღვაზე და ხმელეთზე. დრონების შესახებ შეთანხმებები ნიშნავს ერთობლივ მუშაობას, ერთობლივ წარმოებას, საერთო დაცვას. მოდით, წინ წავიდეთ ამ საკითხზე.


და კიდევ ერთი რამ. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რას გავაკეთებთ, თუ რუსეთი ამ ომს არ დაასრულებს. ჩვენ გვჭირდება ზეწოლის გაგრძელება - და ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. და რა თქმა უნდა, ეს ნომერ პირველია: ჩვენ უნდა ვიპოვოთ ქმედითი დიპლომატიური ფორმატი. და ევროპა უნდა იყოს ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან. და ჩვენ კონტაქტში ვართ შეერთებულ შტატებთან - და ჩვენ გვესმის მათი შეხედულებები და პოზიციები. მაგრამ კარგი იქნებოდა, რუსებთან მოლაპარაკებებისთვის ერთიანი, ევროპული ხმა ჩამოყალიბებულიყო.


ზელენსკიმ, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტზე გამოსვლისას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სტაბილური, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობა უსურვა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ამ ფართომასშტაბიან ფორმატში სომხეთის მონაწილეობის მნიშვნელობას ყველა ევროპელთან ერთად.

მან მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნია ის, რომ 24 წლის განმავლობაში, უკრაინის პრეზიდენტი სომხეთს პირველად სტუმრობს.


„გამოწვევები აშკარაა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ირანში ომი კვლავ გადაუჭრელი რჩება და ამან შეიძლება, დიდი ხნით გამოიწვიოს არასტაბილურობა. ამან კი, შესაძლოა, სერიოზულ პოლიტიკურ ცვლილებებამდე მიგვიყვანოს.


ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენი ენერგეტიკული და უსაფრთხოების თანამშრომლობა უნდა იყოს რეალური და ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ ზამთრისთვის მომზადებასა და ენერგეტიკული გამოწვევების დაძლევაში. ასევე, ძალისხმევა უნდა მივმართოთ ჰორმუზის სრუტისა და ირანელი ხალხისთვის გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.