ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.
მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ სოციალურ ქსელ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ახლად დამტკიცებულ მთავრობას ვულოცავ პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას.
შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან მუშაობას აშშ-საქართველოს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით“, - ნათქვამია მილოცვაში.
გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერმაც და არსებული პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქვა. საქართველოს მთავრობის მეთაურსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.
გიორგი გახარიამ ფილიპ რიკერს მადლობა გადაუხადა 132 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფისთვის, რომელიც აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებაზე. ასევე, აღინიშნა დემოკრატიზაციისა და კანონის უზენაესობის კუთხით თანამშრომლობის და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების აუცილებლობა.
„პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და ახალ ადმინისტრაციასთან წარმატებული თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.