დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე: პროგნოზის გაკეთება რთულია

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღონ ახალ წევრებს. წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, რაც ყველასთვის ცნობილია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მინისტრის განცხადებით, მოცემულ ეტაპზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან „საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ერთხმად ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება“.

„აპლიკანტი ქვეყნის მზაობის პარალელურად საქართველო აკმაყოფილებს ამისთვის აუცილებელ პარამეტრებს და მზად არის მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ჩვენ ამას ნამდვილად ვიმსახურებთ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღონ ახალ წევრებს, თუმცა წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, რაც ყველასთვის ცნობილია.

საქართველოს მიერ კითხვარის შევსება გაწევრიანების მხოლოდ ერთ-ერთი საწყისი პროცედურული ეტაპია და მნიშვნელოვანია ის უფრო ფართო კონტექსტში განვიხილოთ. ცალსახაა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც განპირობებული იყო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებითაც. ეს ყველაფერი დასტურდება ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული არაერთი საერთაშორისო ანგარიშით. საქართველო ბევრი მიმართულებით უწევს გაწევრიანების პროცესში მყოფ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი საქართველოს მთავრობის ისტორიული, ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში ერთადერთი ლოგიკური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯია. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ისტორიული გადაწყვეტილება იყო.

„ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებული განაცხადი საქართველოს მთავრობის ისტორიული, ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში ერთადერთი ლოგიკური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯია. თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური ამოცანა იყო 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის წარსადგენად ქვეყნის მომზადება. თუმცა დაგეგმილი ორი წლით ადრე განაცხადის გაკეთება, ერთი მხრივ, იყო ჩვენი პასუხი შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოზე, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში, ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და ასევე იმის გაცნობიერება, რომ საქართველო უკვე დღეს, 2022 წელს იყო მზად ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


ასევე წაიკითხეთ: