უკრაინის ომის პარალელურად, მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი ყალიბდება. გეოპოლიტიკური ფუნქციის და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, გარკვეული ქვეყნები საერთაშორისო საზოგადოებას ინიციატივებს და პროექტებს სთავაზობენ. სად არის საქართველოს როლი ამ ახალ გეოპოლიტიკურ სტრუქტურაში? დასავლელი პარტნიორების შემოთავზებული მხარდაჭერის გარდა, რა საკითხების ინიცირებას უნდა ახდენდეს საქართველო? გეოპოლიტიკურ ფუნქციასთან ერთად, გაზრდიდა თუ არა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს ანაკლიის პორტი და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დროული განხორციელება?
ამ და სხვა საკითხებზე Europetime რონდელის ფონდის უფროსს მკვლევარს, საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსს, გიორგი ბადრიძეს ესაუბრა.
გიორგი ბადრიძე: უკრაინის ომის შედეგი არის ის, რომ უკრაინულად და რუსულად მოსაუბრე მოქალაქეები გაერთიანდნენ, უკრაინელი ერის კონსოლიდაცია მოხდა. მივიღეთ კონსოლიდირებული, გაერთიანებული, გაძლიერებული ერი, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. გარდა ამისა, მივიღეთ დანარჩენი მსოფლიო, რომელმაც საბოლოო ჯამში, ხშირად ამორალურობასთან ზღვარზე მყოფი ფლირტი რუსულ რეჟიმთან საბოლოოდ დაასრულა. უფრო მეტიც, არამარტო დასავლურმა დემოკრატიამ ჩამოაყალიბა საბოლოოდ პოზიცია, არამედ რუსეთის პოტენციური მოკავშირე ავტოკრატიული რეჟიმებიც მთელ მსოფლიოში კარგ ხასიათზე არ უნდა იყვნენ, რაც რუსეთმა გააკეთა და თან წარმატებასაც ვერ მიაღწია.
წარმატების შემთხვევაში, რუსეთის და ირანის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში უფრო გაძლიერდებოდა. დღეს ეს თანამშრომლობა მინიმუმზეა. ჩინეთს რაც შეეხება, აშშ-ის მთავარ მეტოქედ, კონკურენტად მიიჩნევს თავს, მაგრამ მისთვისაც არ არის მისაღები რუსეთის პირდაპირი შეტევა არა ზოგადად მსოფლიო წესრიგზე, არამედ, სწორედ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო სისტემაზე. ჩინეთს ეს არ აწყობს. იმიტომ, რომ მისი მთავარი არგუმენტი ტაივანის შემთხვევაში არის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. სწორედ ამ პრინციპს შეუტია რუსეთმა და მგონია, რომ კბილებს იტეხავს.
ET: რუსეთის წინააღმდეგ სანქცია და ბევრი სახის დახმარება რაც უკრაინამ მიიღო, ინიცირებული იყო თვითონ უკრაინის მხრიდან. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ საქართველო და მოლდოვაც საფრთხის წინაშე არიან. უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად, საქართველომ რა საკითხების ინიცირება უნდა გააკეთოს, გარდა იმისა, რასაც, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები თვითონ გეგმავენ და გვთავაზობენ?
ომის დაწყებამდე უკრაინული დიპლომატია უკიდურესად პროაქტიური იყო. მაგალითად, პოლონეთთან და ბრიტანეთთან ერთად, ახალი რეგიონული ალიანსის ჩამოყალიბება ომამდე გამოცხადდა. საქართველომ ამ ახალ რეგიონულ ალიანსთან, არათუ შეერთებაზე არ გამოიჩინა ინიციატივა, ან ინტერესი, საერთოდ კითხვებითაც არ მიუმართავს ამ სამი ქვეყნის მთავრობებისთვის. რას წარმოადგენს ეს ალიანსი, რა შინაარსით არის დატვირთული. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ყველა ის საფრთხე ემუქრება, რომლის წინაშეც უკრაინა მოქმედებდა.
მეორე, როდესაც ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის პეზიდენტ ზელენსკის უკრაინიდან ევაკუაციას სთავაზობდნენ, მან ალბათ პირველად გააოცა დანარჩენი მსოფლიო, როცა გამოაცხადა, ევაკუაციაში დახმარება არ მჭირდება, თქვენგან მხოლოდ იარაღით დახმარებას მივიღებ, რადგან არასად არ მივდივარ და ჩემი ერის დაცვას ვუდგები სათავეშიო.
უკრაინამ რაღაც პერიოდი მარტომ იბრძოლა. მართალია მას პარტნიორებისგან უკვე მიღებული ჰქონდა გარკვეული თავდაცვითი შეიარაღება, თუმცა საკმაოდ მარტივი. მიუხედავად ბარიერებისა, რომლებიც იარაღის მიღებას ხელს უშლიდა, გმირულად, პროფესიონალურად დაიცვეს თავიანთი ქვეყანა.
იარაღის მწარმოებელი ქვეყნები, საკუთარ მაღალტექნოლოგიურ იარაღს სხვა სახელმწიფოს მარტივად ვერ ანდობენ. ნდობა უნდა დაიმსახურო. უკრინამ აჩვენა, რომ არამარტო შეიძლება, ანდონ ეს იარაღი, არამედ, ის ყველაზე საუკეთესო ფორმით იქნება გამოყენებული.
ამ ფონზე, საქართველო უკრაინასთან ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფება. ამის მერე, ვინც მომიყვება რომ ჩვენ უკრაინელებს მხარს ვუჭერთ, ძალიან სამწუხარო ფაქტები შემიძლია, დავუდო. ერთადერთი გამონაკლისი, არის ხმის მიცემა საერთაშორისო ორგანიზაციებში, გაეროსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ქართველი ხალხის მხარდაჭრის მიუხედავად, საქართველოს მხრიდან, ოფიციალურად, არამარტო მხარდაჭერა არ გამოხატულა, უკრაინის ხელისუფლებასთან პრაქტიკულად, ცივი ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით.
ათას სხვადასხვა წვრილმან თუ სერიოზულ საკითხში მათი დადანაშაულება ხდება. მართლაც რომ არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, მიმდინარე მოვლენების ფონზე ყველაფერი გვერდზე უნდა გადადებულიყო. პირველ რიგში, მორალური და ზნეობრივი პოზიციიდან, მეორე - წმინდა სტრატეგიული მოსაზრებიდან გამომდინარე, რადგან საქართველოს ბედი უკრაინასთან ასე პირდაპირ არის მიჯაჭვული.
უკრაინას იმ სამ დღეში, რომ წაეგო ომი, როგორც ეს რუსეთს წარმოედგინა, შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ საქართველოში ღია პრორუსული რეჟიმი გვექნებოდა. დღეს თუ რაღაც შეფარული პრორუსულობა გვაქვს, დახურული სატელეფონო არხებით საუბრობენ, მგონია, რომ უკრაინის მარცხის შემთხვევაში, პირდაპირ რუსული რეჟიმი გვექნებოდა აქ.
ET: საექსპერტო საზოგადოებას რა ინიციატივები აქვს, თქვენი აზრით, რას უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით?
პირველ რიგში ვიტყვი, რა არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, რაც აქამდე უნდა გაეკეთებინა. ომის დაწყებამდე, როდესაც იძაბებოდა ვითარება, ეროვნული უსაფრხოების საბჭოს სხდომის მოწვევაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ეს რაზე მეტყველებს? საქართველოს ხელისუფლება ვერანაირ სერიოზულ ვითარებას ვერ ხედავდა, რომ საჭირო იქნებოდა, ჩვენი, სხვადასხვა უწყების და პოლიტიკური ინსტიტუტის ერთმანეთთან კოორდინაცია და აზრების შეჯერება?!
მეორე საკითხი - როდესაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის მოზღვავება დაიწყო, ასევე, კატეგორიული უარი განაცხადა, რომ არანაირი დამატებითი კონტროლის მექანიზმს არ შემოიღებდნენ. იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ შარშანაც გვქონდა რუსი ტურისტების დიდი რაოდენობის შემოდინება, არის აბსურდი დაძალიან სულელ ადამიანებზე გათვლილი. თუ თვითონ არ ესმით, მაშინ მე უნდა გავაგებინო, რომ ეს ხალხი არა ტურისტები, არამედ, რუსი მიგრანტები არიან, რომლებმაც თვითონაც არ იციან, უკან როდის დაბრუნდებიან. არ იციან შემოსავალი გაუგრძელდებათ თუ არა და შეძლებენ თუ არა დაქირავებული ბინების ქირის გადახდას გარკვეული დროის შემდეგ. მათ შორის, ვინ რას წარმოადგენს, ამის გარკვევას სჭირდება ელემენტარული კონტორლის მექანიზმი, თუნდაც, ელექტრონული ვიზის შემოღება.
მესამე - საბაჟო პროცედურების რაიმე ახალი ფორმის დამატებითი კონტროლის დაწესება. ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის, რომ ბელორუსის ნაცვლად, ახალი რომელიმე დერეფანი სჭირდება? არ იცის, რომ რუსეთი საქნცირებული ტვირთების შესატანად და გამოსატანად ახალი დერეფნის გამოყენებას ეცდება? სხვადასხვა ფინანსური თუ სერვისების განსახორციელებლად, რუსეთი აშკარად ეცდება საქართველოს გამოყენებას.
როდესაც კატეგორიულად ამბობ, რომ რუსეთთან საბაჟო კონტროლზე არაფერს შეცვლი, ამით რა სიგნალს უგზავნი საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ, პირველად არის ასეთი მობილიზებული, რუსეთისგან მისი დემოკრატიული მეზობლების დასაცავად.
1991 წლიდან 2014 წლამდე ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, სწორედ ის იყო, რომ რუსეთს ბევრი რამ გასდიოდა, ჩვენ მიმართ და სხვა მეზობელების მიმართ, რადგან დასავლეთში რუსეთის პრიორიტეტი არსებობდა. ჯერ ჰქონდათ ილუზია, რომ რუსეთი დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნებოდა და ამაში უნდა დახმარებოდნენ.
1996 წლის არჩევნებზე ბორის ელცინის პოზიციების შესანარჩუნებლად, რომლის მთავარი მოწინააღმდეგეც კომუნისტების ლიდერი იყო, ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდნენ, ან არ ესმოდათ. მერე, პუტინს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უბედავდნენ და ყველაფერი შერჩა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც იქნა, პირველად, 2014 წელს, პუტინს სანქციები დაუწესეს. სწორედ მაშინ დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინისგან და უკრაინული სანქციებისგან აქტიური გამიჯვნა. ეს მაშინ, როდესაც უკრაინაში სააკაშვილის ფაქტორი ჯერ არ არსებობდა. იმის ძახილი, რომ ჩვენ უკრაინასთან კარგი ურთიერთობა იმიტომ არ გვაქვს, რომ იქ ჩვენი ოპოზიციონერები შეიფარეს, თუნდაც ძებნილები და ა.შ, აბსოლუტურად მოკლებულია რაიმე შინაარსს. უკრაინისგან დისტანცირება და ანტიუკრაინული პოლიტიკა, სახელმწიფო პოლიტიკად, ჯერ კიდევ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლამდე იქცა.
ახლა რაც ჩამოვთვალე, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთისთვის არაფრის მოთხოვნა და ინიცირება არ სურს. ნორმალური ქართული ხელისუფლება ჯერ კიდევ 2014 წელს, ორივე ხელით ჩაეჭიდებოდა დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ შეცვლილ პოზიციას და უკრაინასთან საერთო ბლოკის შექმნას შეეცდებოდა. ამ შემთხვევაში სანქციებს დაუწესებდნენ არამხოლოდ უკრაინის გამო, არამედ საქართველოს გამოც. უკრაინაში ახალი არაფერი გაუკეთებია, რაც მანამდე საქართველოში არ ჰქონდა გაკეთებული. ჩვენ მიზანმიმართულად გავემიჯნეთ 2014 წლის სანქციებს. ამასთან დაკავშირებით, 2014 წლის ივლისში, ირაკლი ღარიბაშვილმა BBC-ის კორესპოდენტს სრულიად გასაგებად ჩამოუყალიბა პოზიცია.
პროდასავლური ხელისუფლება აქტიურად შექმნიდა ბლოკს უკრაინასთან და აქტიურად მოითხოვდა იმას, რასაც დღეს უკრაინა დასავლეთისგან. თუ ამის ადრე მიხვედრა გაუჭირდა, ომის და დასავლეთის პოზიციის ფონზე მაინც უნდა მოეხერხებინა და აქტიური კონსულტაციები უნდა დაეწყო ბრიტანულ-პოლონურ-უკრაინულ ბლოკთან, ევროკავშირთან და აშშ-ის ადმინისტრაციასთან. პირველ რიგში, უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე, ვიდრე საქართველო NATO-ში გაწევრიანებას შეძლებდა. შემდეგ, იმ ბარიერების გადალახვაზე დისკუსიებს დაიწყებდა, რომელიც ჩვენ, NATO-ს წინაშე აღმოგვაჩნდა.
თუ ჩვენ დავრწმუნდებოდით, რომ NATO რეალური პერსპექტივა არ არის, მაშინ სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოგვეთხოვა, რომელთანაც დღეს უკრაინა ბევრად უფრო ახლოს არის, ვიდრე ჩვენ.
ET: ამ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველოს რას მოუტანდა ანაკლიის პორტის და ნაბუქოს, ახლა უკვე „სამხრეთ დერეფნის“ გაზსადენის მსგავსი პროექტები?
პატარა სახელმწიფოების ერთ-ერთი მთავარი თავისებურება არის ის, რომ მხოლოდ ისეთი მცირე სახელმწიფოები ახერხებენ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომლებსაც საერთაშორისო ფუნქცია აქვთ. გეოგრაფიულად, საქართველოს ეს ფუნქცია მინიჭებული აქვს, დამაკავშირებელია კასპიის ზღვის რეგიონსა და შავი ზღის რეგიონებს შორის. თეორიულად, თუ თეირანი დასავლეთან ურთიერთობებს მოაგვარებს, შესაძლოა, ირანისთვისაც კი, შავ ზღვაზე გასასვლელი დერეფანი გავხდეთ. ჯერჯერობით, ირანი ისევ სანქციებშია და ვნახოთ. შეიძლება, რუსეთის ამბებმა გეოპოლიტიკური ვითარება ბევრ ადგილას შეცვალოს. ამის იმედად ვერ ვიქნებით და ვერ დაველოდებით.
საქართველოს უნდა ჰქონოდა უნარი დიდი ოკეანური კონტეინერმზიდები მიეღო, ღრმაწყლოვან პორტში. რომელიც დიდი ალბათობით, ამ ხელისუფლების შეგნებული პოლიტიკის გამო არ გვაქვს. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროექტი არ შემდგარიყო.
მეორე, როდესაც შენ ხარ ერთადერთი გასასვლელი შავ ზღვაზე, აზერბაიჯანისთვის სომხეთისთვის და იქით ცენტრალური აზიის ქვეყებისთვის, რომელთა ეკონომიკა, დიდწილად შეფერხებულია იმის გამო, რომ რუსულ სატრანსპორტო კავშირებზე არიან მიჯაჭვული; როდესაც რეგიონში შავ ზღვაზე გასასვლელის მხრივ, მონოპოლისტი ხარ, ამ დროს შენი რკინიგზის სისტემა ბანკროტია, უვარგისი, ჩამოშლილი, ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირი მავნებლობის შედეგი.
საქართველოს აქტიურად უნდა ემუშავა საკუთარი ინფრასტრუქუტურის განვითარებაზე, ასევე, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან მათი ტვირთების მოსაზიდად, რაც მარტო ეკონომიკურს კი არა, პოლიტიკურ შედეგებსაც მოიტანდა.
ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, სამხრეთ კავკასიის დერეფანი რაც უფრო მეტად იქნება გახსნილი, მათი რეალური პოლიტიკური სუვერენიტეტი რეალური შინაარსით დაიტვირთება. ვიდრე ისინი ეკონომიკურად, ექსპორტის დერეფნით, რუსეთზე არიან დამოკიდებულნი, ბუნებრივია, რუსეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ დარჩებიან. ჩინეთმა ამ ქვეყნების არჩევანს ბევრი არაფერი შემატა. ვიდრე ცენტრალური აზიის ქვეყნები, რეალურ სანდო დერეფანს მოიპოვებენ, ასეთ მდგომარეობაში დარჩებიან. უზარმაზარი პერსპექტივა აქვს ამ საკითხს და ძალიან უნდა გინდოდეს რომ ეს არ შედგეს.
უფრო გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა რომ გვქონოდა, რაში გამოგვადგებოდა ეს - როდესაც შეერთებული შტატები ავღანეთიდან გამოდიოდა, ავღანეთიდან მილიონობით ტონა ტვირთი წამოვიდა და ჩვენ პრაქტიკულად, ვერ შევასრულეთ ერთ-ერთი გადამზიდავის ფუნქცია, რომელიც საქართველოს უზარმაზარ შემოსავალს და გეოპოლიტიკურ ფასეულობას მოუტანდა აშშ-ის თვალში.
ბევრ სხვადსხვა პროექტზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ერთ მთავარზე შევთანხდეთ, ანაკლიის პორტის პროექტი არამარტო გადადებულია, არამედ, მოკლული, რაც საქართველოს უმცირებს იმ საერთაშორისო ფასეულობას, რომელზეც ვისაუბრეთ.
ამის გარეშე საქართველო ჩვენი პარტნიორებისთვისაც არ იქნება იმდენად ფასეული, როგორც სხვა შემთხვევაში. მარტო ის რომ, ჩვენ ვატარებთ ნავთობს და გაზს, კი მნიშვნელოვანია, თან ამ ფუნქციის გაზრდაც შეგვიძლია, თუკი გვექნება მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან, თურქმენეთთან და ევროპელ პარტნიორებთან, თურქმენული გაზის ყაზახური ნავთობის დასამატებლად, ჩვენი გავლით საერთაშორისო ბაზარზე გასატანად, მაგრამ ნავთობის და გაზის ხანა დიდხანს არ გასტანს. ჩვენ ამისთვის უნდა დაგვემატებინა სახმელეთო დერეფანი ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტვირთებისთვის, რომელიც შეიძლება, ჩინური ტვირთების მარშუტად განიხილებოდეს. უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს ხელიდან გაშვებული და რის გამო? არაფრის გამო! იმისათვის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას, თავის მომკვდარუნების პოლიტიკას. რა იმედით? რუსეთის მიზნები შეიცვლება საქართველოს მიმართ?! იმის ძახილი, რომ აი, ნახეთ თავს არ გვესხმის. ასევე ძალიან სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს, როდესაც რუსეთი არ გერჩის. ესეიგი მისი სცენარით მოქმედებ და რეალურად, უპერსპექტივობაში მიდიხარ.
ET: ანაკლიის პორტის აშენება, იგივე სახმელეთო სტრანსპორტო დერეფნის მასშტაბების გაზრდა, გაზრდიდა თუ არა საქართველოს სამხედრო უსაფრთხოების გარანტიებსაც?
რა თქმა უნდა! მთავარი აზრი სწორედ ამაშია. იმისთვის, რომ მცირე ზომის სახელმწიფომ მოკავშირეების მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები მოიპოვოს, ამისთვის რაიმე ფასეულობას უნდა წარმოადგენდეს. როგორც წესი, სწორედ ამგვარი ფასეულობის გამო, ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი სატრანზიტო, სატრანსპორტო ფუნქციის შესრულების გამო, საქართველო შეიძლება, ყოფილიყო უფრო ფასეული პარტნიორი და იგივე ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უფრო აქტიურად შეძლებდნენ საკუთარი ამომრჩევლის დარწმუენბას, თუ რატომ იმსახურებს საქართველო სამხედრო უსაფრთხოების და ფინანსურ დახმარებას.
დასავლეთის ქვეყნების მთავრობები ასე მარტივად ვერ წყვეტენ მსგავს საკითხებს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში მთავრობები საკუთარი ამომრჩევლის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები. მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ უნდა დაიცვან საქართველო რუსეთის აგრესიისგან.
აქ ორი მთავარი საკითხის კომბინაციაა. ერთი, რომ საქართველო გეოპოლიტიკურად და გეოეკონომიკურად რაღაც ფასეულობას წარმოადგენს და მეორე, იმიტომ, რომ იმსახურებს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატიული საზოგადოება. ბოლო წლებში, ორივე ამ კომპონენტში გავქვს სრულიად გამოკვეთილი და მიზანმიმართული უკუსვლა. ჩვენი ინფრასტრუქტურა დღეს დიდი მოცულობის ტვირთების გადაზიდვის საჭიროებებს და მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს და მეორე, ჩვენი დემოკრატია რეგიონშიც კი მოწინავე აღარ არის.
ET: ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, როგორ ვითარდება აშშ-საქართველოს ურთიერთობები და რა ეტაპზეა?
საქართველო აშშ-ის ფინანსურ დახმარებას მრავალი წლის განმავლობაში იღებდა. ზოგჯერ, 100 მილიონსაც აჭარბებდა. განსაკუთრებულ პერიოდებში, მაგალითად, 2008 წლის შემდეგ ბევრად უფრო დიდი დახმარება მივიღეთ. მაგრამ წლების განმავლობაში ამ დახმარების შემცირებას ვხედავთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველო უნდა იყოს აქტიური თავისი დიპლომატიური ურთიერთობებით და იმის ჩვენებით, რომ მისი დემოკრატიული რეფორმები, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ფასეულობა ასაბუთებს იმ დახმარებას, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს უნდა სთხოვოს. ჩვენ ამის არგუმენტები არ გვაქვს. უფრო მეტიც, მე ვივარაუდებ, რომ შეერთებულ შტატებში განსაკუთრებულად აკვირდებიან იმას, თუ რა კონტაქტები აქვს საქართველოს რუსეთთან, სულ მცირე რუსულ ბიზნესებთან, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებასთანაც. აკვირდებიან, საქართველოს გარკვეული სტრუქტურები და ცალკეული ადამიანები სანქციების პირობებში ხელის მოთბობას ხომ არ ცდილობენ.