„სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეულმა მარიონეტმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე მედიასთან განმარტება გააკეთა. კერძოდ, აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია ოკუპირებული რეგიონის შეერთებისთვის მზად არის, მაშინ ე.წ. რეფერენდუმისთვის ფულს ისესხებენ.
"ჩვენ მის [რეფერენდუმის] ჩასატარებლად შეგვიძლია შესაძლებლობები გამოვნახოთ, ავიღოთ სესხი ბანკში, თუ რუსეთი მზადაა საკუთარ შემადგენლობაში მიგვიღოს", – თქვა გაგლოევმა.
მისი თქმით, ე.წ. რეფერენდუმის ჩასატარებლად 32.5 მილიონი რუბლია საჭირო, რაც დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია.
„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.