რობერტა მეცოლა: უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის, ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება.

„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სატატუსის მინიჭება უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც დღეს ვისაუბრებ. ჩვენთვის, როგორც ვთქვით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის რჩება პრიორიტეტად. სხვაგვარად რა იქნება ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ამ ქვეყნების ხალხს. ამიტომ, ველოდებით ევროკომისიის შეხედულებას. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინამ უპასუხა კითხვარს სინათლის სიჩქარით და სწორედ ამ სიჩქარით ველოდებით ევროკავშირისგან შემდგომ ნაბიჯებს. ევროპარლამენტი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია ჩვენი ინსტიტუციური ძალაუფლების ფარგლებში. მე მაქვს სრული მანდატი ამის სათქმელად“,- განაცხადა რობერტა მეცოლამ


28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა.


ევროკავშირის 30-31 მაისის სამიტის მთავარი საკითხია რუსეთის ნავთობემბარგო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ EU რუსეთის სრულ ნავთობემბარგოს მხარს არ დაუჭერს.