გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებაზე ბიბილოვის განკარგულება შეაჩერა

„სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეულმა მარიონეტმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შეაჩერა ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განკარგულება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

შესაბამისი დადგენილება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ბაბილოვის განკარგულება მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდეა შეჩერებული.

„რუსულ მხარესთან კონსულტაციები მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მთელ სპექტრზე“, - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ახალი დე ფაქტო ლიდერის განკარგულებაში.


„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.