NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ რიგ შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და პარტნიორებთან ურთიერთობებს ეხებოდა.
„ერების თავისუფალი სუვერენული უფლებაა, აირჩიონ თავიანთი ბედი, მომავალი და მათი ალიანსები, რაც განმტკიცებულია გაეროს წესდებაში, ეს არის ჰელსინკის დასკვნით აქტში. ეს ჯერ კიდევ NATO-რუსეთის დამფუძნებელ აქტშია, 1997 წელს მათ აღიარეს ეს უფლება.
რა თქმა უნდა, ზოგჯერ საკითხები სტრატეგიულად, პოლიტიკურად რთულად გადასაწყვეტია, ალიანსში საჭიროა კონსენსუსი, ქვეყნების მხრიდან კი - რეფორმები და ტრანსფორმაციები. ეს ჩვენ მოვისმინეთ ომის შემდგომ, ბოლო ძალიან დრამატული სამი თვის განმავლობაში, რომ უკრაინა აგრძელებს თავისი ევროპული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერას.
ეს არის ის, რასაც ყველა ჩვენგანი მხარს ვუჭერთ. ამრიგად, მადრიდის (სამიტის) კონცეფცია და დისკუსიები მიუთითებს იმაზე, რომ NATO-ს კარი ღიაა და იმედია, რომ შვედეთის და ფინეთის შემოერთება ამ საკითხს გააძლიერებს.
უფრო ფართო დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა უკრაინისთვის, მაგრამ ასევე, საქართველოსთვის, ან მოლდოვას რესპუბლიკისთვის, სადაც უნდა მოიძებნოს პასუხები თითოეული ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა მირჩა ჯოანამ.