საქართველოს საპატრიარქო მეფე ერეკლე მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გამართვის შესახებ აცხადებს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, პანაშვიდი 4 ივნისს 12:00 საათზე სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართება.
"დღეს საქართველოს საპატრიარქოს სახელით ტაძრების წინამძღვრებს დაეგზავნათ შეტყობინება. ინფორმაციის გასაცნობად უცვლელად გთავაზობთ შეტყობინების შინაარს:
გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი.
გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს". - წერია განცხადებაში.
ერეკლე მეფესთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობის მიზეზი ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მიერ მის შესახებ ნათქვამი ფრაზა გახდა. ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა. გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერნიც ითხოვენ აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის. შემდეგ კი თელავში საჯარო მოხელეების მონაწილეობით ერეკლე მეორეს მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.