ბოლო 11 თვის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის 5,9%-იანი კლება დაფიქსირდა. ამის შესახებ მედიას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განუცხადა.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ცნობით, რაც შეეხება ნოემბრის თვეს, დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზეა საქართველოს ეკონომიკის 7,7%-იანი ვარდნა.
მისივე თქმით, ეკონომიკის ვარდნის მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში. დანარჩენ სექტორებში კი გამოვლინდა კლების ტენდენცია.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის შემცირება, ასევე მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, სასტუმროებისა და რესტორნების, ხელოვნების, გართობის, დასვენებისა და ვაჭრობის სექტორებში დაფიქსირებული კლების ტენდენცია. 2020 წლის ნოემბერში საქონლის ექსპორტი შემცირებულია 13,4 %-ით, ხოლო იმპორტი12,1%-ით. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობის 11 თვის ჯამურ მაჩვენებელს, ექსპორტის მოცულობა შემცირდა 11,3%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი, დაახლოებით, 16%-ით არის შემცირებული.
2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა, დაახლოებით, 3450 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 11,4 %-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 4,2%-ით შემცირდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 7,3 მილიარდი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მიზეზებს სექტორულ ჭრილში, დავიწყებ დარგებით, სადაც კლების ტენდენცია გამოვლინდა. მშენებლობის სექტორში კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიმართულებით, როგორიც არის, მაგალითად, ელექტრო- ტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები, წყალგაყვანილობის, გათბობისა და ჰაერის კონდინცირების მონტაჟი. შემცირდა, ასევე, შემუშავებული სამშენებლო პროექტების მოცულობაც. აღსანიშნავია, რომ 15%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი,“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
მისივე განმარტებით, ტრანსპორტის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა აღნიშნულ დარგში კლების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ასევე ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასთან და დასაწყობებასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის შემცირებაც.„სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში კლება, ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან, დაახლოებით, 92%-ით არის შემცირებული საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, რამაც, რასაკვირველია, გავლენა მოახდინა ტურისტული სააგენტოებისა და ტუროპერატორების შემოსავლებზე. ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორში კლების გამოვლენის მიზეზად გვევლინება როგორც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების, ისე დასვენების, გართობის, სპორტისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული დაწესებულებების შემოსავლების შემცირება. ვაჭრობის დარგში კლება, ძირითადად, დაკავშირებული იყო მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის შემცირებასთან, დაახლოებით, 62%-ით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. გარკვეულწილად შემცირებულია, ასევე, საცალო ვაჭრობა სამშენებლო მასალებითა და ალკოჰლური სასმელებით, ასევე, საბითუმო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით,“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
იმ სექტორებს შორის, სადაც ეკონომიკური ზრდა შეინიშნება, აღსანიშნავია საფინანსო საქმიანობის სექტორი.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, აღნიშნულ სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად გვევლინება კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავლის ზრდა, რაც გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ფიზიკურ პირებზე გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობის ზრდასთან.
„ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა განაპირობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის მატებამ, ხოლო, რაც შეეხება, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორს, ზრდის ტენდენციები, ძირითადად, დაკავშირებული იყო ნარჩენების შეგროვების, დამუშავებისა და უტილიზაციის საქმიანობებთან,“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.