- ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა „კონტრციკლური ბუფერი“ უცვლელად, 0%-ზე დატოვა.
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზედაც საფინანსო სექტორში შექმნილი მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, სებ-ი კომერციული ბანკებისთვის "კონტრციკლურ ბუფერს" უცვლელად ინარჩუნებს. ამასთანავე, ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, ქვეყნის ფინანსური სისტემა "სტრესის გასაძლებად მზად არის". სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში დაკრედიტების წლიური ზრდა 18%-ია.
„2022 წლის აპრილში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 18.3% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით, ხოლო ვალუტების ჭრილში, ეროვნული ვალუტით არის განპირობებული. გასული ერთი წლის განმავლობაში, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობა შემცირდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. შედეგად, 2022 წლის მეორე კვარტალში სესხების მშპ-თან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს მცირედით ჩამორჩება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მაჩვენებელი, მსგავს ქვეყნებთან შედარებით, კვლავ მაღალია. კომიტეტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საკრედიტო ზრდა ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი იყოს, ხოლო სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ ფინანსური სტაბილურობის ჭარბი რისკები არ დაგროვდეს", - წერს ეროვნული ბანკი.
ამასთან, ეროვნული ბანკისგანცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოში მსოლოდ ერთ ბანკს შეეხო.
„მიუხედავად შესაძლო დანაკარგებისა, კაპიტალის არსებული ბუფერები ზარალის შთანთქმის საშუალებას იძლევა და სისტემის დონეზე კაპიტალის კოეფიციენტი მინიმალურ საზედამხედველო მოთხოვნას აღემატება. პირდაპირი სანქციები მხოლოდ ერთ, რუსული ბანკის შვილობილ ბანკს შეეხო და ეს პრობლემა აქტივ-ვალდებულებების ნაწილის სხვა ბანკებზე გაყიდვით მალევე გადაიჭრა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი განახორციელებს კონტრციკლურ ღონისძიებებს, როგორც ეს პანდემიის საწყის პერიოდში გააკეთა, და რამაც ხელი შეუწყო ფინანსური სექტორის მდგრადობას. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მაკროეკონომიკური მოვლენები კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ეროვნული ბანკის სწორ, წინმსწრებ პოლიტიკას დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით" - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, "საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს".
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2022 წლის 28 სექტემბერს გაიმართება.
რა არის კონტრციკლური ბუფერი?
ეროვნული ბანკის განმარტებით, კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი მაკროპრუდენციული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია. მისი მიზანია, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტება, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს. ბუფერის კონტრციკლურობა ხელს უწყობს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ძირითად მიზანს, შეამციროს ფინანსური სტაბილურობის სისტემური რისკები. უარყოფითი შოკების დროს კონტრციკლური ბუფერი უნდა დაეხმაროს ფინანსურ სისტემას, რომ მკვეთრად არ შეიზღუდოს ეკონომიკის დაკრედიტება და ამით დამატებით არ გაუარესდეს როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ეკონომიკის მდგომარეობა.