სვეტიცხოველის ტაძარში 4 ივნისს დაგეგმილი ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვილის წინ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს.
მივმართავთ 4 ივნისს სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს: რაც უნდა მიუღებლად ან პროვოკაციულად გვეჩვენოს სხვისი აზრი ან შეკითხვა, არ გავცდეთ ზოგადი ქრისტიანული ცხოვრების წესს და ასე მივაგოთ პატივი საქართველოს ღირსეულ შვილებს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ბოლო წლებში არაერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც დაუფიქრებელმა, მოუფრთხილებელმა სიტყვებმა, რომლებიც ეხებოდა რელიგიური თუ ეროვნული იდენტობის თემებს, საზოგადოებაში გულისწყრომა გამოიწვია.
„ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დავდექით ისეთი ფაქტის წინაშე, როდესაც დაუფიქრებელმა, მოუფრთხილებელმა სიტყვებმა, რომლებიც ეხებოდა რელიგიური თუ ეროვნული იდენტობის თემებს, საზოგადოებაში გულისწყრომა გამოიწვია. შედეგად, ხშირად ასეთი გამონათქვამები საზოგადოებაში პროვოკაციად და დაპირისპირების საგნადაც ქცეულა. ეკლესიის წმინდანების, გამორჩეული საზოგადო მოღვაწეების აუგად მოხსენიება, რაც სულ რამდენიმე დღის წინაც მოვისმინეთ, ასეთივე პროვოკაციაა. გვინდა, მივმართოთ 4 ივნისს სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს: რაც უნდა მიუღებლად ან პროვოკაციულად გვეჩვენოს სხვისი აზრი ან შეკითხვა, არ გავცდეთ ზოგადი ქრისტიანული ცხოვრების წესს, ლოცვით განწყობას და ასე მივაგოთ პატივი საქართველოს ღირსეულ შვილებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ერეკლე მეფესთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობის მიზეზი ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მიერ მის შესახებ ნათქვამი ფრაზა გახდა. ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა. გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერნიც ითხოვენ აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის. შემდეგ კი თელავში საჯარო მოხელეების მონაწილეობით ერეკლე მეორეს მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.