2022 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანმა ირანის გავლით 1,5 მილიარდი კუბური მეტრი თურქმენული გაზის იმპორტი განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ირანელი მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტისას შესაბამისი შეთანხმებები მიღწეულია. „ირანი გააგრძელებს მონაწილეობას ამ თანამშრომლობაში“, - განაცხადა შაჰბაზოვმა.
მანამდე, ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოვჯიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ირანი ბუნებრივი აირის გაცვლების მოცულობას გააორმაგებენ, რაც 2021 წლის შეთანხმების ნაწილია. მან აღნიშნა, რომ სამი ქვეყანა ბუნებრივი აირის გაცვლის მოცულობის გაორმაგებაზე პრაქტიკულად შეთანხმდა.
ამჟამად თურქმენეთი, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს დღეში 5-6 მლნ კუბურ მეტრ გაზს აწვდის, ირანი კი ამდენივე გაზს აწვდის აზერბაიჯანს მის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 28 ნოემბერს აშხაბადში, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (ECO) მე-15 სამიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას თურქმენული გაზის აზერბაიჯანისთვის ირანის ტერიტორიის გავლით გაცვლაზე. ხელშეკრულების განხორციელება 2022 წლის 1 იანვარს დაიწყო.