Reuters: სანქცირებულ რუსულ ნავთობთან აღრევის რისკის გამო, ყაზახეთმა ბრენდის სახელწოდება შეცვალა

სააგენტო Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყაზახეთმა ნავთობის ბრენდის სახელწოდება შეცალა, რათა რუსეთის საზღვაო პორტებიდან ექსპორტირებისას ყაზახური ნედლეულის, სანქცირებული რუსული წარმოშობის ნავთობთან აღრევა არ მოხდეს.

„ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ვითარების გამო და იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყაზახეთის ნავთობის ექსპორტზე არსებული რისკები რუსეთის პორტების გავლით, 2022 წლის ივნისიდან ყაზახურ ნავთობზე გამოიყენება შემდეგი კლასის სახელწოდება - KEBCO (ყაზახეთის ნედლი ნავთობის საექსპორტო ნაზავი)“ - განმარტეს ყაზახური კომპანია SNPS - Aktobemunaigaz-ის წარმომადგენლებმა.

ბრენდის სახელის შეცვლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ყაზახეთის ნავთობკომპანიების ოთხმა წყარომ, რომლებიც ტრანზიტს რუსეთის საზღვაო პორტებში ახორციელებენ. ყაზახეთის ნავთობის მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ მიაღწევენ თავიანთ ნავთობზე უფრო მაღალ ფასებს და გაუადვილდებათ ნედლეულის გაყიდვა, რადგან საბუთებით ოფიციალურად დადასტურდება, რომ ეს არ არის რუსული ნავთობი.

გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ ცვლილებები ძალაში ორშაბათს, 6 ივნისს შევა. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

ცნობილია, რომ ყაზახური ნავთობის საექსპორტო ნაკადის 20% გადის რუსეთის საზღვაო პორტებზე. 2021 წელს ყაზახეთმა ამ გზით დაახლოებით 13,3 მილიონი ტონა საწვავი გადაზიდა. ყაზახეთში წარმოებული ნავთობი დასავლეთის სანქციებს არ ექვემდებარება, თუმცა, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ყაზახეთიდან მიწოდებული ნავთობი არაერთხელ აურიეს რუსულთან. ბრენდის სახელის გადარქმევა მათი აზრით, ხელს შეუწყობს სანქციების რისკებისა და დაფინანსების პრობლემების თავიდან აცილებას.


3 ივნისს, ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა. კერძოდ, ახალი სანქციები ითვალისწინებს ნაწილობრივ ემბარგოს რუსულ ნავთობზე. მთლიანად აიკრძალება საზღვაო გადაზიდვები, რომლებიც ევროპაში რუსული ნავთობის ექსპორტის 75%-ს შეადგენს. გამონაკლისის სახით უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი ნავთობს „დრუჟბის“ მილსადენით მიიღებენ. 2022 წლის ბოლოსთვის, ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსული ნავთობის იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 90%-ით შემცირდება.